თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. „ტროა, დაკარგული სამოთხე" – კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი 135-ე სეზონს ოთხშაბათს, 11 დეკემბერს პრემიერით ხსნის.
სპექტაკლს საფუძვლად უდევს აფხაზეთის ომგამოვლილ ქალთა რეალური ამბები, რომლებმაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაკარგეს ყველაფერი – ქმრები, შვილები, სახლები.
დოკუმენტური სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თურქი რეჟისორი გამზე თანრივერმიში. სპექტაკლის ჩვენება ინგლისური და აფხაზური სუბტიტრებით მოხდება.
დამდგმელი ქორეოგრაფია ნათია ბუნტური. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ეკა არჩია, ნინო ლეჟავა, ჯულიეტა პაკელიანი, ნინო შავგულიძე, სანათა ძაძამია და სხვები.
საპრემიერო ჩვენებები 11 და 13 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. პროექტი განხორციელდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და თბილისში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით.