ცილისწამება თუ დამსახურებული კრიტიკა? – საქართველოს პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა

საქართველოს პრეზიდენტი არა მარტო ხელისუფლების ოპონენტებმა, არამედ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმაც გააკრიტიკა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიცია ქართული ჯარის შესახებ პრეზიდენტის განცხადებით შეშფოთებულია

ოპოზიციამ ზურაბიშვილი ქართული ჯარის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. სამშაბათს მეცნიერებთან გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა განაცხადა: "ჩვენ არც ჯარი გვყავს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი". მისი სიტყვებით, საქართველოს ძალზე ძლიერი იარაღი ცოდნა, მეცნიერება და კულტურაა.

„პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას", – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას".

მანამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის განცხადებას კატეგორიულად მიუღებელი უწოდა.

„გუშინ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გავეცანი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება... როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

„პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე, რადგან ის გახლავთ მთავარსარდალი", – აღნიშნა მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პარტია „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თანაპარტიელებთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის ტერიტორიაზე ქათამი გაუშვეს.

პრეზიდენტის ამ განცხადების გამო საპროტესტო აქცია გამართა აგრეთვე მოძრაობა „ლელომ“.