აღიარებული შეცდომა... ანუ რას და როგორ დააფინანსებს მთავრობა?

როგორია ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, კერძოდ, დაგეგმილი ხარჯები და სავარაუდო შემოსავლები, პრიორიტეტული მიმართულებები, რა დაუჯდება ქვეყანას მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები და რამდენს ვუხდით პოლიტიკურ პარტიებს?
Sputnik

სამსონ ხონელი

გამოგიტყდებით, არ მეპატიება! რატომ, რა დააშავეთ? − დაინტერესდება მკითხველი. არ დავმალავ, ახლავე მოგახსენებთ. ბოლო პერიოდის ჩემივე სტატიების თემატიკას კიდევ ერთხელ გადავხედე და დასკვნამდეც მივედი. ვინმეს რომ ეთქვა, არაფრით დავიჯერებდი, არადა, ფაქტია, პოლიტიკური აურზაურის, ლარის გაუფასურების, მზარდი ინფლაციის, ქუჩაში მორბენალი თეთრი ტაქსების და სხვა მრავალი „სიკეთის“ შემხედვარეს მთავარი საფინანსო-პოლიტიკური დოკუმენტი ჩემი მაღალი ყურადღების მიღმა დარჩა... ერთი სიტყვით, გადავწყვიტე შეცდომა გამოვასწორო და წინამდებარე სტატიით 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს გამოვეხმაურო. 

მძიმე რეალობა − ხმაური ქუჩაში და „პროპორციულად“ გაძვირებული ცხოვრება...

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საბიუჯეტო განხილვების პროცესი კონსტიტუციური ვადების დაცვით მიმდინარეობს. ჯერჯერობით ასეა, ვნახოთ, რა იქნება დასკვნით ეტაპზე. მანამდე კი, გასული სამუშაო კვირის მიწურულს მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტს გადაუგზავნა. გაირკვა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ხალხის რჩეულების რეკომენდაციების ერთი ნაწილი გაითვალისწინა. საინტერესოა, როგორია ძირითადი პარამეტრები, კერძოდ, დაგეგმილი ხარჯები და სავარაუდო შემოსავლები, პრიორიტეტული მიმართულებები, რა ფარგლებშია პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი? სახელმწიფო ბიუჯეტის წინა პროექტისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვითი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, კონკრეტიკისკენ მომიწოდებთ და რა გაეწყობა, ამ შესაძლო რეპლიკას გავიზიარებ... თუმცა, თავად გაითვალისწინეთ, ციფრების კალეიდოსკოპს ვერ ავცდებით.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია 514.2 მილიონი ლარით და 14 554 200 ათასი ლარია. ხარჯები კი 221.0 მილიონი ლარით მეტია და 14 432 866 ათას ლარს შეადგენს. „მომავალ წელს მთავრობა, 2019 წელთან შედარებით, 1 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს“, − განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ. მნიშვნელოვანი ცვლილებაა საგადასახადო შემოსავლების დაგეგმვის ნაწილშიც. კერძოდ, მთავრობამ საპროგნოზო მაჩვენებელი 145 მილიონი ლარით გაზარდა. საინტერესოა, რატომ? ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანისა და მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდის სხვა წარმომადგენელთა განმარტებით, მომავალ წელს მთავრობა, იმპორტის გადასახადის გარდა, ყველა სხვა სახის გადასახადისგან ნავარაუდევზე მეტი შემოსავლის მიღებას ელოდება.

აქეთ მობრძანდით, ბატონო!.. ანუ მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს

მცირედი ლირიკული გადახვევა: მკითხველს შევახსენებ, ათიოდე დღის წინ მთავრობამ ბიზნესს წარუდგინა საინვესტიციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრიოვატიზაციო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებითა და სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით ელექტრონულ აუქციონზე განთავსდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, პროექტი წარმატებით დაიწყო, რასაც პირველი არასრული კვირის შედეგებიც მოწმობს. აუქციონის საიტს 15 ათასზე მეტი მნახველი ჰყავს, გაიყიდა ექვსი ობიექტი, რომელთა საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 401 000 ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი კონკურენციის შედეგად უძრავი ქონება 8 090 000 ლარად გაიყიდა.

ნათია თურნავას განცხადებით, მზადდება ობიექტების ახალი ჩამონათვალი, რომელიც ამოყიდულ ობიექტებს ჩაანაცვლებს. ერთი სიტყვით, პრივატიზაციის პროცესს მთავრობა იმედით უყურებს და, შესაძლოა, ამან განაპირობა, რომ ბიუჯეტის საბოლოო პროექტში 10 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამურად 130 მილიონი ლარი შეადგინა პრივატიზაციისგან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელმა.

ოპს!.. თქვენ გელით ევროპაში დასაქმება!.. რას გვპირდება ბიძინა ივანიშვილი?

ვალი არ დაგავიწყდეს, სახელმწიფოს ვალი აქვს და მას გასტუმრება უნდა! − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. მომავალ წელს მთავრობა 1 022 731 ათას ლარს გაისტუმრებს, თუმცა სესხებასაც აპირებს. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს საკრედიტო ვალდებულება კიდევ გაეზრდება.

საშინაო ვალის მოცულობა 1 200 მილიონ ლარს მიაღწევს. საგარეო ვალის სახით მთავრობა 1 867 მილიონ ლარს, ანუ 13 მილიონი ლარით მეტს აიღებს, ვიდრე ეს ბიუჯეტის პირველი პროექტით იყო გათვალისწინებული. რატომ? სავარაუდოდ, აქვს გასტუმრების შნოც და იმიტომ, აბა, ჩვენ იმედად ხომ არ იქნება?! არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს. ერთი სიტყვით, მომავალ წელს ასაღები საგარეო ვალიდან 1 182 მილიონი ლარის საინვესტიციო კრედიტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, 685 მილიონი ლარი კი ქვეყნის ბიუჯეტის ფინანურ მხარდაჭერას მოხმარდება...

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდისა და მიზნობრივი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს: როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5.0 პროცენტიდან 4.5 პროცენტამდე დაკორექტირდა. ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი კი იგივე 3 პროცენტი დარჩა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2.5 პროცენტია.

პოლიტიკის მძევალი ეკონომიკა, ანუ რისი „ეშინია“ ეროვნულ ვალუტას?

ორიოდე სიტყვა საბიუჯეტო პრიორიტეტებზეც ვთქვათ. რომ არაფერი შემეშალოს და მკითხველიც არ გავანაწყენო, ასპარეზი მინდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავუთმო. „პრიორიტეტულია სოციალური სფერო. ბიუჯეტის პირველი ვერსიისგან განსხვავებით 16 მილიონით გაიზარდა და 4 363 მლნ ლარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება. ამ უწყებას მომავალი წლიდან ხარჯები ეზრდება. კერძოდ, ახალი წლის პირველი დღიდან ასაკით პენსიონერების პენსია იზრდება 20 ლარით, ხოლო ივლისიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები დამატებით კიდევ 30 ლარს მიიღებენ. კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად თანხები რამდენიმე სამინისტროს გაეზარდა. პრიორიტეტია განათლება. მომავალ წელს განათლების სისტემაზე თითქმის 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება. გაიზარდა იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც. მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის რეკომენდაცია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად ხარჯები 50 მილიონით, 350 მილიონ ლარამდე გაზარდა“, − განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სხვა რა გითხრათ, ხალხის რჩეულების დაფინანსება უცვლელია. მიმდინარე წლის ანალოგიურად, საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან მთავრობამ სულ 64 736 ათასი ლარი გამოყო. ბევრია ეს თუ ცოტა? პარლამენტართაგან ამ საკითხზე არავინ წუწუნებს და, ალბათ, სულ ცოტა, საკმარისია... პრეზიდენტის ადმინისტრაცია 6 მილიონ ლარს უნდა დასჯერდეს. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, მას კი მოუწევს მომავალ წელს მიმდინარე წლისგან განსხვავებით 300 ათასი ლარით ნაკლები დახარჯოს. რაც შეეხება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, სამინისტროებსა თუ სამთავრობო უწყებებს, გაისად მათი დაფინანსება ან არ იცვლება ან იმდენად უმნიშვნელოდ, რომ არც კი ღირს ყურადღების გამახვილება.

ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

არავინ იფიქროს, დამავიწყდა! ვიცი, მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებია, დიდი ამბები იქნება სალხინეთში. ჯერ ვერავინ გაბედავს დედა დაიფიცოს, როგორ მოუწევს ხმის მიცემა... არა, შესაძლოა ვცდები, რამდენიმე ფოტო და ე.წ. სატელევიზიო „კარწინკა“ რომ მახსენდება, არც ის გამაკვირვებს, მავანმა ტყუილად დაიფიცოს დედა... ფიცი რა მოსატანია, როცა სასწორის პინაზე პარლამენტის დეპუტატის მანდატი დევს?!. სიტყვა გამიგრძელდა, ბიუჯეტის პროექტით, არჩევნების ჩასატარებლად მთავრობა 42 760 ათას ლარს გამოყოფს. საარჩევნო გარემოს განვითარებას 14 078 ათასი ლარი მოხმარდება. ნუ ჩამეძიებით, რა იგულისხმება. ახალი წელი კარს მოგვადგა, ცოტაც მოვითმინოთ და დავინახავთ უცილობლად...

ახლა, როცა ეს სტატია იწერება, პატივცემული პოლიტიკოსები მოლაპარაკების მეორე რაუნდისთვის ემზადებიან და წინასწარ განცხადებებს აკეთებენ. ცალი თვალით მათზე მიჭირავს მზერა და ცალით საბიუჯეტო პარამეტრებს ვეცნობი... გაახარებთ ღმერთი, აბა რა, ზრუნვა და ხელშეწყობაც, სწორედ რომ, ასეთი უნდა... პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ გადამხდელებისგან, ანუ ხალხისგან 14 308 ათას ლარს მიიღებენ. დაფინანსება წელსაც ასეთი იყო. რატომ? კითხვაზე პასუხის ძიება შორს წაგვიყვანს, საკითხს მომავალში დავუბრუნდეთ. მანამდე კი ერთს ვიტყვი – გასაგებია, პოლიტიკური პარტიების განვითარება, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ფორმირება და მხარდაჭერა ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესია, მაგრამ როცა მრავალი წლის მცდელობა უკუშედეგს იძლევა, ეგება, დაფიქრების დროა?..