საქართველოს თასის მფლობელი ფეხბურთში მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

გიორგი ჭიაბრიშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" ექვსი წლის განმავლობაში ედგა სათავეში და გასულ წელს კლუბი საქართველოს ჩემპიონობამდეც მიიყვანა.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავისი თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

ჭიაბრიშვილმა წასვლის შესახებ მისი კლუბის საქართველოს თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. ფინალი 8 დეკემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჭიაბრიშვილისთვის ეს მატჩი მეორასე ოფიციალური თამაში იყო „საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის რანგში.

„საბურთალომ“ საქართველოს ფეხბურთის თასი მოიგო

„ეს „საბურთალოში" ჩემი ბოლო შეხვედრა იყო. ამ ეტაპზე ვიცი, რომ შემდეგ წელს გუნდში აღარ ვიმუშავებ. აქ ექვსი წლის განმავლობაში გუნდთან ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ თასი და ჩემპიონობა და „საბურთალოს" გუნდი პირნათელმა დავტოვე, აქ კი აღარ დავრჩები. დროა წავიდე სახლში და დავისვენო", – განაცხადა 40 წლის სპეციალისტმა პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება საქართველოს თასის ფინალს, „საბურთალომ" 3:1 მოუგო თბილისის „ლოკომოტივს" და პირველად თავისი ისტორიის განმავლობაში დავით ყიფიანის თასს დაეუფლა.

„პირადად ჩემთვის ეს ტიტული მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში ყველა ტიტული მქონდა მოგებული მის გარდა. ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იყო, იყო მომენტი, როდესაც „ლოკომოტივმა" შემოგვიტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ საბოლოოდ თასს დამსახურებულად დავეუფლეთ", – განაცხადა ჭიაბრიშვილმა თამაშის შემდეგ.

საქართველოს თასის მოგება ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში "საბურთალო" მონაწილეობას მიიღებს უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო თამაშებში.

თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთში მე-17-ედ გახდა>>

ჭიაბრიშვილი „საბურთალოს" ექვსი წელი წვრთნიდა. გასულ წელს მან კლუბის ისტორიაში პირველად მიიყვანა გუნდი საქართველოს ჩემპიონობამდე. სანამ დედაქალაქის გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში, ჭიაბრიშვილი „ზესტაფონში" მუშაობდა და თავის გუნდთან ერთად გახდა ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის მფლობელი.