თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსი სამხედროები პირველად შევიდნენ სირიის ქალაქ რაკაში, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიიჩნეოდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები იქ პირველად შევიდნენ ჰუმანიტარული დახმარების დასარიგებლად. გარდა ამისა, რაკაში იმყოფებიან რუსი სამხედრო ექიმებიც, რომლებიც მზად არიან, მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაუწიონ ყველას, ვისაც ეს სჭირდება.
დაპირისპირებული მხარეების შერიგების ცენტრის ოფიცერმა ვლადიმირ ვარნავსკიმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ რაკის ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა მისი გათავისუფლებისთვის წარმოებული ოპერაციისას, რომელიც საერთაშორისო კოალიციამ ჩაატარა აშშ-ის მეთაურობით.
„განურჩეველი საავიაციო და საარტილერიო შეტევების მსხვერპლი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა. ქალაქი აქამდე არ არის გაწმენდილი ნანგრევებისგან, არ არის დასრულებული ადგილის განაღმვა, შეინიშნება სუფთა წყლის, მედიკამენტებისა და კვების პროდუქტების ნაკლებობა“, — აღნიშნა ვარნავსკიმ.
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ქალაქი რაკა 2013 წლის გაზაფხულზე აიღეს, რა დროსაც იქაურობა 250 ათასმა მცხოვრებმა დატოვა. 2014 წელს რაკა „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად გამოაცხადეს. 2017 წლის ოქტომბერში ქალაქი „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ გაათავისუფლეს საერთაშორისო კოალიციური ძალების მხარდაჭერით.