კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ყველა კანდიდატი არ დაინიშნება

ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტში გაირკვევა, ახალი ძალით იფეთქებს სასამართლო სკანდალი თუ საბოლოოდ მოგვარდება
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი არ დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ ყველა კანდიდატს. ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ისევ სასამართლო სკანდალი – ომბუდსმენმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწუნა >>

კანდიდატების შერჩევის პროცესი სკანდალის თანხლებით მიმდინარეობს. კანდიდატთა პირველი სია გაიწვიეს. მოგვიანებით შემუშავდა მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები, მაგრამ ოპოზიციონერები პროცესით მაინც უკმაყოფილო დარჩნენ. დეპუტატები პარლამენტში წარდგენილ ოცივე კანდიდატს უკვე გაესაუბრნენ. კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება.

„ჩატარდება კომიტეტის სხდომა, რის შემდეგაც ჩვენ მოსამართლეთა საკითხს პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად სასარგებლო იქნება საარჩევნო სისტემის სათანადოდ განვითარებისთვის. ასეთია ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა კობახიძემ. 

მან დესტრუქციული უწოდა ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისინი არ დაუშვებენ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებას.

ბესელია პარლამენტარ კოლეგებს „სიურპრიზს“ უმზადებს

„იცით, როგორ პროგრესს მიაღწია ქვეყანამ 2012 წლიდან დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით, მათ შორის, სასამართლოს ნაწილში... ოპოზიცია მუდმივ დესტრუქციაში გაიჭედა. არ ვიცი, ამით რას მიაღწევენ. ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ოთხშაბათს, როდესაც პარლამენტში კენჭისყრაა დანიშნული, ოპოზიცია, მათ შორის, დეპუტატები გეგმავენ საპროტესტო აქციის გამართვას. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებისა და მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გაპროტესტებისკენ მოსახლეობას დეპუტატმა ეკა ბესელიამაც მოუწოდა, რომელმაც წლის დასაწყისში მმართველი პარტია დატოვა.

„ზუსტად ერთი წლის წინ დავტოვე თანამდებობა, მმართველი პარტია ამ სიის გამო, რომელიც კვლავ გამოტანილია კენჭისყრაზე. თითქმის მარტომ შევძელი პირადი და პოლიტიკური შეტევების მოგერიება, გადავიტანე მორალური თავდასხმები. ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ამ სიასთან, ამ პროცესთან. მაშინ შევძელი ამ სახიფათო პროცესის შეჩერება, მაგრამ დღეს ამას მარტო ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბესელიამ.

„შანსი არსებობს" – დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრით კმაყოფილი არიან >>

მისი სიტყვებით, მოსამართლეობის 20–დან 16 კანდიდატი წარსულში მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის განსახიერება იყო.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობაა. აუცილებელი 28 მოსამართლის ნაცვლად, მხოლოდ 11 მოსამართლე მუშაობს.