რას ვჭამთ: საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანის მცდელობა აღკვეთეს

ვადაგასული ხორცი ეტიკეტისა და ყოველგვარი საბუთების გარეშე აჭარის საბავშვო ბაღებში ორშაბათს უნდა შესულიყო.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე აჭარის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა, იუწყება პირველი არხი.

რას ვჭამთ: ბათუმის ბაზრიდან 98 კგ ფრინველის ხორცი ამოიღეს

სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს განცხადებით, ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აჭარის საბავშვო ბაღებისთვის იყო განკუთვნილი. ვადაგასული ხორცი ეტიკეტისა და ყოველგვარი საბუთების გარეშე აჭარის საბავშვო ბაღებში ორშაბათს უნდა შესულიყო.

„ეს არის შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავები ფართი, სადაც ხდება დაფილვა. ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს. ამ შემთხვევაში ხორცი, რომელიც არის ვადაგასული, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე, ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში“, – განაცხადა სააგენტოს სამმართველოს უფროსმა, მანანა ერქომაიშვილმა.

ადგილზე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.