დასახელდა თბილისის XX საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

გამართულ თბილისის კინოფესტივალზე საერთაშორისო ჟიური მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს აფასებდა
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ცნობილია გამარჯვებულთა ვინაობა თბილისის XX საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც დედაქალაქში 1-8 დეკემბერს გაიმართა, ლაურეატების სია ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაქვეყნა.

„საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა დიმიტრი ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, ხოლო რეჟისორმა მარი გულბიანმა მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ კატეგორიაში ფილმისათვის „სანამ მამა დაბრუნდება".

თენგიზ აბულაძის „მონანიებას" ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს რეჟისორებმა უტა ბერაიამ ფილმისათვის „უარყოფითი რიცხვები“ და გიორგი მრევლიშვილმა ფილმისთვის „თორმეტი გაკვეთილი“.

„საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის“ ჯილდო მიიღო გიორგი სიხარულიძემ ფილმისთვის „მამული".

ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის გადაეცათ ანტონ გრიმოვსა და ალიშერ ხამიდხოჯაევს (დიმიტრი მამულიას ფილმისთვის „ბოროტმოქმედი").

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“ გადაეცა უტა ბერიას ფილმისთვის „უარყოფითი რიცხვები".

კახა ბაკურაძის თეატრი მინსკში წარადგენს უნიკალურ სპექტაკლს „ასტიგმატისტები“ >>

რაც შეეხება ეროვნული კინოცენტრის კონკურსს „წერე ქართულ კინოზე", მისი გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი ჯავახიშვილი (I ადგილი), ლევან აბდუშელიშვილი (II ადგილი) და ზაზა ცანკაშვილი (III ადგილი).

კინოწარმოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრომეთეს საპატიო სტატუეტი გადაეცა მექსიკელ კინორეჟისორ კარლოს რეიგადასს და ქართველ რეჟისორ ირაკლი კვირიკაძეს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

წელს თბილისის კინოფესტივალმა მხოლოდ ეროვნული კონკურსი ჩაატარა. კონკურსს აფასებდა საერთაშორისო ჟიური: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰეიზერ სტიუარტი.

მაყურებლებმა ფესტივალზე იხილეს ასამდე ფილმი, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგ კატეგორიებში: „ევროპული კინოფორუმი“, „ამერიკები“, „ჰორიზონტები“, „რეჟისორი ფოკუსში“, „ქვეყანა ფოკუსში“, „ქართული პანორამა“, „აპოლო: კინომეხსიერება“ და „განსაკუთრებული კინოჩვენებები“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე მეოცედ ატარებს კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.