ქართველი ხელოვანი American Art Awards-მა მსოფლიოს საუკეთესო მხატვარ-მინიმალისტად აღიარა

მოხარული ვართ, ქართველი ხელოვანების მიერ მოპოვებული კიდევ ერთი გამარჯვების შესახებ პირველებმა გაცნობოთ. ნიჭიერმა ქართველმა მხატვარმა და ტანსაცმლის დიზაინერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
Sputnik

ნატა სამქანაშვილმა ამერიკაში გამართულ მხატვართა საერთაშორისო კონკურსზე „მინიმალიზმის“ ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო მხატვრის სტატუსი და პირველი ადგილი დაიმსახურა. მიმართულებაში „იმპრესიონიზმი“ კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ამ მიმართულებაში მასთან ერთად ქართველი მხატვარი გელა ფილაურიც აღიარეს.

ამ გამარჯვების შესახებ მხატვარს პირადად American Art Awards-ის პრეზიდენტმა თომ ბერდსიმ (Thom Bierdz) შეატყობინა.

გაცნობებთ, რომ ეს გახლავთ მსოფლიოს საუკეთესო მხატვრის გამოსავლენი კონკურსი, რომელშიც მხატვრები 63 ქვეყნიდან 50 ნომინაციაში საუკეთესოს ტიტულის გამოსავლენად მონაწილეობდნენ. ხელოვანთა ნამუშევრებს ამერიკის 25 საუკეთესო გალერეა და მუზეუმი აფასებდა. ნატა სამქანაშვილს თბილისში დავუკავშირდით.

ქართველი ხელოვანი American Art Awards-მა მსოფლიოს საუკეთესო მხატვარ-მინიმალისტად აღიარა

- ქალბატონო ნატა, პირველ რიგში გილოცავთ ასეთ მართლაც მნიშვნელოვან გამარჯვებას, როგორ მიიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსში?

- დავიწყებ იმით, რომ ასეთ აღიარებას და, მით უმეტეს, ასეთ გლობალურ მასშტაბებში არ ველოდი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოციალურ ქსელებში ჩემს მეგობრებს ჰყავდათ American Art Awards-ის პრეზიდენტი, ბატონი თომ ბერდსი, რომელსაც მეც დავუმეგობრდი. მან ჩემს გვერდზე ნახა ნამუშევრები, რის მერეც თავად დამიკავშირდა და მითხრა, რომ ისინი ძალიან მოეწონა. ეს პიროვნება ჰოლივუდის მსახიობი, მწერალი და მხატვარი გახლავთ. მან, წარმოიდგინეთ, სრულიად უფასოდ ჩამრთო კონკურსზე, რომელში მონაწილეობისთვისაც თანხის გადახდაა საჭირო. ალბათ იმიტომ, რომ ესაა ამერიკა, სადაც ყოველგვარი პროტექციის გარეშე შეგიძლია გაიმარჯვო. ეს მიმართულება – მინიმალიზმი ამერიკაში ჩამოყალიბდა და, წესით, იქ ამერიკელი უნდა გასულიყო, მაგრამ მათ ყველა მონაწილე ობიექტურად შეაფასეს.

- ამ გამარჯვების შესახებ ვინ შეგატყობინათ?

- ამის შესახებ სოციალური ქსელით თვითონ პრეზიდენტმა მითხრა. ეს კონკურსი ონლაინ ტარდება. ბატონმა თომმა მითხრა, რომ ზუსტად 15 სექტემბერს მომწერდა კონკურსის შედეგებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი დღეც არ გადააცდინა, ამერიკის დროით ზუსტად 15 სექტემბერს მომწერა და მაცნობა, რომ პირველ და მესამე ადგილებზე გავედი. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ამ გამარჯვებით ბედნიერი ვარ, რადგან ეს საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია. რადგან ამერიკის 25-მა საუკეთესო გალერეამ მაღიარა, მომავალში მათგან ველოდები შემოთავაზებას. თუმცა, როცა ბიოგრაფიაში ასეთი გამარჯვება გიწერია, ეს უკვე დიდი მიღწევაა. საერთოდ ჩემ ოჯახში მხატვარი არავინაა, მე კი ბავშვობიდან ვიცოდი, რომ უნდა მეხატა. აკადემიაში არ ჩამიბარებია. ჯერ ნიკოლაძე დავამთავრე და მერე უნივერსიტეტი მოდელირების განხრით.

ქართველი ხელოვანი American Art Awards-მა მსოფლიოს საუკეთესო მხატვარ-მინიმალისტად აღიარა

- ტანსაცმლის დიზაინერი, თანაც 90-იან წლებში, როგორ გახდით?

- იმ პერიოდში მოდელების სახლი დაიშალა. ეს იყო წლები, როცა უტრანსპორტო და უშუქო ქალაქში ყველანი ფეხით დავდიოდით. ძირითადად პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი მოდისა და ტყავ-ფეხსაცმლის განხრით, მაგრამ ფერწერა ჩემი მამოძრავებელი ძალაა. გარკვეული მიზეზების გამო არანაირ გამოფენებში არ ვიღებდი მონაწილეობას. მაშინ მხოლოდ კოლექტიური პატარ-პატარა ჩვენებები იმართებოდა. როგორც ტანსაცმლის დიზაინერს, შერეული სტილის სამოსი უფრო მომწონს. ჩემი ხაზი ქანთრის და სპორტულის კომბინაციაა, რომლის ხასიათს ერთიანობაში ვხედავ: სამოსი+აქსესუარი.

ქართველი ხელოვანი American Art Awards-მა მსოფლიოს საუკეთესო მხატვარ-მინიმალისტად აღიარა

- ცხოვრებაშიც მინიმალისტი ხართ?

- როგორ გითხრათ... სხვათა შორის, სიტყვაძუნწი ვარ და წერა უფრო მოსახერხებელია ჩემთვის, ვიდრე საუბარი. უბრალოდ, თქვენ სწორად დამისვით კითხვები, ამიტომ ასეთ მომენტებში საუბარში უფრო ვიხსენები ხოლმე. ცხოვრებაში სულ ვმოქმედებ და ძიების პროცესში ვარ. ძალიან მძიმე წლები მქონდა, ოჯახური ტრაგედიებიც გადავიტანე და ის პერიოდი ხელოვნებამ მართლა გადამატანინა.

ქართველი ხელოვანი American Art Awards-მა მსოფლიოს საუკეთესო მხატვარ-მინიმალისტად აღიარა

- რა არის თქვენი შემოქმედების არსი, ვერბალურად როგორ შეგიძლიათ გადმოსცეთ?

- ფერწერა ჩემი მამოძრავებელი ძალაა, შთაგონების წყარო კი ის მომენტები, რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაშია. ისინი ჩემს მეხსიერებაში იქამდეა, სანამ მათ არ განვახორციელებ. ვთვლი, რომ გადმოცემის ფორმაზე მნიშვნელოვანია – ჩანაფიქრს აზრობრივი დატვირთვა მიეცეს და მაყურებლის წარმოსახვაში არა მარტო ესთეტიკური მხარე გაჩნდეს, არამედ აზრის ფილოსოფიური მხარეც. მაგალითად, ზედა რაკურსით გამოსახული ნავი – „გაჩერება როგორც დასაწყისი“, ჩიტები როგორც ნოტები – „მელოდიური ქალაქი“... ეს არის ყოველდღიური მომენტები, რომელსაც ყველანი ვხედავთ, დანახვის შემდეგ ისინი ჩემს წარმოსახვაში აზრს და ფორმას იძენენ. ჩემი შემოქმედების არსი და სამყაროს ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა ცხოვრების ყველა ეტაპზე პოზიტიურად იფიქრონ...