ქედის მერიის თანამშრომლის დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე – სუს-ი განცხადებას ავრცელებს

დაკავებულმა ქედის მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 2 ათასი ლარი აიღო.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქრთამის აღების ფაქტზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის ტარიელ თურმანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ქრთამის აღების ბრალდებით ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ინფორმაცია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის დაკავების შესახებ საინფორმაციო საშუალებებში გუშინ, საღამოს გავრცელდა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად აიღო 2 ათასი ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.