ნინო ანანიაშვილი პეკინის ცეკვის აკადემიის საპატიო პროფესორი გახდა

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში პრიმა-ბალერინამ მოასწრო ჩინელი სტუდენტებისთვის არა მხოლოდ მასტერ-კლასების ჩატარება, არამედ მათთვის ორი სპექტაკლის დადგმაც.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელს, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს პეკინის ცეკვის აკადემიის (The Beijing Dance Academy - BDA) საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ბალეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი საქართველოში „ევროპა ნოსტრას“ საპატიო პრეზიდენტი გახდა>>

მსოფლიოში აღიარებული ბალერინისთვის აკადემიის პროფესორის წოდების მინიჭება შანხაის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში თბილისის საბალეტო დასის მონაწილეობას დაემთხვა.

ნინო ანანიაშვილი პეკინის ცეკვის აკადემიასთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. ახლახან თავისი ვიზიტის პერიოდში მან აკადემიის სტუდენტებისთვის რამდენიმე მასტერ-კლასი ჩაატარა.

„მძინარე მზეთუნახავი" – ანანიაშვილმა ლეგენდარული ბალეტი განაახლა

ამას გარდა, პრიმა-ბალერინამ სტუდენტებისთვის ორი სპექტაკლიც დადგა – პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა" და მიხაილ ფოკინის ბალეტი-სიუიტა „შოპენიანა".

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, რომელიც 2 დეკემბერს დასრულდა, ქართული დასი ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში გამოვიდა.

შანხაის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში გამოსვლებამდე ანანიაშვილმა და დასის წამყვანმა სოლისტებმა ნინო სამადაშვილმა, ნუცა ჩეკურაშვილმა და ეკატერინე სურმავამ დიდი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც ჩინურ მასმედიასთან საბალეტო დასის წარმოდგენებსა და საგასტროლო ტურნეს შესახებ უამბეს.