ახალი წესები წიაღის სექტორში: წიაღისეულის მოპოვება და მისი გადამუშავების ვალდებულება

წიაღის სექტორის რეფორმის მთავარი მიზანი ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილებია.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

„თუ აქამდე წიაღის სტრატეგიაში ჩვენი წარმატების ძირითად კრიტერიუმად მაინც იყო მიჩნეული, რამდენადაა ათვისებული წიაღისეული და რამდენად ინტერესდებიან ინვესტორები წიაღის მოპოვების ლიცენზიებით, ახლა აქცენტი მოპოვებასთან ერთად გადამუშავებაზეც გვაქვს – ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას ქვეყნის შიგნით, ექსპორტზე გავიდეს არა უბრალოდ მოპოვებული წიაღისეული, არამედ მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქცია", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თურნავა: პრივატიზაცია ლარის კურსს გაამყარებს

მინისტრის თქმით, აქედან გამომდინარე, ინვესტორებს ამ საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში უნდა ჰქონდეთ როგორც შესაძლებლობა, ისე ვალდებულება, რომ გადამამუშავებელი ინდუსტრიაც შექმნან და მათ მიერ მოპოვებული წიაღისეული მაქსიმალურად თავადვე გადაამუშაონ.

საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია მთავრობის სხდომაზე ერთობლივად წარადგინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სტრატეგიის მთავარი მიზანი ადგილობრივი, ქართული მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.

მისი თქმით, მარტივდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის პროცედურაც და უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს.

ნათია თურნავა: „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო კვლავ რჩება ლიდერებს შორის>>

„ამით ჩვენ ვაჩქარებთ წიაღის, როგორც რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რადგან ეს მიწის რეფორმასთან და დაჩქარებულ პრივატიზაციასთან ერთად მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ბერკეტია", – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა და ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა.