ბელარუსში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გაიხსნა

ბელარუსში საქართველოს საპატიო კონსულის სერგეი ტეტერინის ოფისი მოგილოვის ოლქის ქალაქ ალექსანდრიაში მდებარეობს.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ბელარუსში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

საქართველოს საპატიო კონსულის სერგეი ტეტერინის ოფისი მოგილოვის ოლქის ქალაქ ალექსანდრიაში მდებარეობს.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი კვარაცხელია, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ, მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. 

„საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ - მინსკში ფერწერული გამოფენა გაიხსნა

როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით ვითარდება.

„საპატიო კონსულის ოფისის გახსნა ქალაქ ალექსანდრიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

საქართველოს საპატიო კონსულის ოფისის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელარუსის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ხელმძღვანელობით.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ლუკაშენკო პირველად ეწვია თბილისს ოფიციალური ვიზიტით.