აქეთ მობრძანდით, ბატონო!.. ანუ მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს

რა ხდება შრომის ბაზარზე, როგორია უმუშევრობის მაჩვენებელი, რა ტენდენციაზე მიანიშნებენ ანალიტიკური წრეები და რას ითხოვს ბაზარი?
Sputnik

სამსონ ხონელი

გული მიგრძნობს, სულ ცოტა გამინაწყენდება სამსახურის მაძიებელი მკითხველი. ივარაუდებს, რომ წინამდებარე სტატია დასაქმებაში შეუწყობს ხელს. თუმცა, არ არის ასე. ჩემი მომდევნო სტრიქონები მხოლოდ შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას ასახავს. ორიოდე დღის წინ ვწერდი, შესაძლოა, საშუალოვადიან პერიოდში ჩვენებურებმა საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმება შეძლონ–მეთქი. მანამდე რა ვქნათ? − ჩამეძიება მკითხველი, და გთავაზობთ, ერთად გადავხედოთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა!.. ძმაო, აშკარად წერას ყავხარ ატანილი! − ახლა უკვე დამცინავი ტონით ბრძანებს მკითხველი და მიმანიშნებს, რომ უკვე მრავალი წელია, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა სწორედ უმუშევრობაა. დიახ, ასეა, მაგრამ ერთი მეორეს ხომ არ გამორიცხავს? თანაც სენტენცია, რომელმაც, შესაძლოა, მკითხველი გააბრაზა კიდეც, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი როდია, ამგვარი რამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში იკითხება...

ოპს!.. თქვენ გელით ევროპაში დასაქმება!.. რას გვპირდება ბიძინა ივანიშვილი?

„საქსტატის“ ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ახლა კი ვნახოთ, რა ხდება ქალაქად და სოფლად, როგორია უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებსა და ქალებში. შემდეგ დავსვათ მთავარი კითხვა. თანმიმდევრულად მივყვეთ. მკითხველს ბოდიშს ვუხდი ციფრების შესაძლო სიმრავლის გამო. სხვაგვარად რეალობის აღქმა რთული იქნება. უწყების ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალაქებში 1.7 პროცენტით, სოფლებში კი 0.5 პროცენტით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებსა და ქალებში შემცირდა თანაბრად − 1.1 პროცენტით. ერთი სიტყვით, ყველა პარამეტრით უმუშევრობის კლებაა... ჩვენ რატომ არ ვგრძნობთ? − ჩამეძიება მკითხველი და მართალიც იქნება. რა გაეწყობა, რეპლიკას პასუხი უნდა გავცე...

პოლიტიკის მძევალი ეკონომიკა, ანუ რისი „ეშინია“ ეროვნულ ვალუტას?

საინტერესოა, მაინც რამ განაპირობა უმუშევრობის შემცირება ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ბუმი არ შეინიშნება და არც დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებით, უმუშევრობის მაჩვენებლის კლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებამ გამოიწვია. ანალიტიკური წრეების მოსაზრებას „საქსტატის“ მონაცემებიც ამყარებს. კერძოდ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი, ანუ თხუთმეტი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 62.5 პროცენტი შეადგინა. ამავე ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ჩვენში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1.8 პროცენტით, დასაქმებულთა რაოდენობა კი 0.9 პროცენტით შემცირდა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში, შესაბამისად, 2.1 და 1.4 პროცენტით. აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში შემცირებულია 2.0 პროცენტით, ხოლო ქალებში 1.9 პროცენტით. ერთი სიტყვით, დასკვნა ძალზე მარტივია, თუმცა არასახარბიელო: უმუშევრობის დონის შემცირების გამომწვევი მიზეზი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დონის შემცირებაა. კიდევ ერთი საგულისხმო ნიუანსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მკითხველს კიდევ უფრო გააკვირვებს. უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა ქვეყანაში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა იკლებს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ქალაქებსა და სოფლებში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა, შესაბამისად, 0.7 და 1.0 პროცენტით. კაცებსა და ქალებში კლება თანაბარია – 1.0 პროცენტი. ნიჭიერი ხალხი ვართ, ამას მოხერხება უნდა, დასაქმებულთა რაოდენობა იკლებს, უმუშევრობის დონე მცირდება... ანუ სერიიდან − „აშკარა, მაგრამ დაუჯერებელი“.

შადრევან I და პოლიტიკური წვრილფეხობა...

ახლა დროა, ეს განტოლება ამოვხსნათ. როგორც გაირკვა, არც ისე რთულია. დავიწყოთ უმუშევრობის არსის განხილვით. უმუშევარია ადამიანი, თუ ის სასურველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობს. დღეს გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც უმუშევრობის სტატისტიკის საერთო მეთოლოგია გამოიყენება. ის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა. მისი მთავარი ამოცანაა – უმუშევრობის დახმარება სწორად განაწილდეს და დახმარება არ მიიღოს მან, ვინც რეალურად უმუშევარი არ არის. გარდა ამისა, შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა სახელმწიფოთა მონაცემების შედარება. მაგალითად, თუ საქართველოსა და მოლდავეთში უმუშევრობის დონის დათვლის განსხვავებული მეთოდოლოგია იქნება, მიღებული შედეგების შედარება არ მოგვცემს საშუალებას ვთქვათ, უმუშევრობის დონე რომელ ქვეყანაშია უფრო მაღალი. უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული. ჩვენში უმუშევრობის დახმარება არ არსებობს, მაგრამ გაეროს წევრი ვართ და ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენც მათი მეთოდოლოგია გამოვიყენოთ. კერძოდ, დათვლა ხდება ოჯახების კვლევის გზით. გამოკვლევა ყოველკვარტალურად ტარდება.

ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

გამოკითხვას ექვემდებარებიან დაახლოებით 3.400 ოჯახის 15 წლისა და უფროსი ასაკის წევრები, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში ბოლო თორმეტი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში, ასევე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ცხოვრობენ ყაზარმებში და ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ინტერნატებსა თუ სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში. ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენში ზედა ასაკობრივი ზღვარი დაწესებული არ არის, ვინაიდან პენსიონერთა ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია. დასაქმებულად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში მუშაობდა, სულ მცირე, ერთ საათს მაინც, ხელფასის, ნატურალური შემოსავლისა თუ მოგების მიღების მიზნით, უსასყიდლოდ ეხმარებოდა ოჯახის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. უმუშევრად კი ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა ერთ საათსაც კი, გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი ორი კვირის ვადაში.

თბილისიდან ქალაქად და სოფლად... ანუ ვიცით თუ არა, რამდენი დაგორავს?

ასე რომ, სოფლის მეურნეობის მუშაკები, რეპეტიტორები, ტაქსისტები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთ საათს მაინც მუშაობდნენ ხელფასის, ნატურალური შემოსავლის და მოგების მიღების მიზნით, „საქსტატის“ მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლებიან. არადა, ანალიტიკოსები დიდი ხანია აცხადებენ, რომ ამ მეთოდოლოგიით უმუშევრობის მაჩვენებლის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი შეფასებით, არსებული მეთოდი უნდა შეიცვალოს. მკითხველს შევახსენებ, რომ მომავალი წლიდან დასაქმება-უმუშევრობის მაჩვენებლის დადგენის მეთოდოლოგია იცვლება და თვითდასაქმებულთა კატეგორიაში დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან პირები, რომლებიც საკუთარ მამულში მუშაობენ და წარმოებულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ. ასე რომ, ოთხი თვის შემდეგ, მომავალი წლის პირველი კვარტლის მიწურულს „საქსტატის“ დასაქმების დონის ამსახველი მონაცემები რეალობასთან უფრო ახლოს იქნება. მანამდე კი დავინტერესდეთ, დღეს რას გვთავაზობს შრომის ბაზარი? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შრომის ბაზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გაირკვა რომ კერძო სააგენტოს − HR.GE ვაკანსიების 31.5 პროცენტი სერვისისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებულებზე მოდის. მაღალია მოთხოვნა ტექნიკოსებზე, სპეციალისტებსა და ოფისის დამხმარე პერსონალზე. ლიდერობს ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალისტების ჯგუფიც, რომელიც ბუღალტრის ვაკანტური პოზიციების სიმრავლით გამოირჩევა. 

კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თუ ჯამაგირი − კაცს?

არის მოთხოვნა − საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებზე, პერსონალის მართვისა და კარიერული წინსვლის სპეციალისტებზე, ფინანსურ ანალიტიკოსებზე. ჯანდაცვის სფეროდან კი ყველაზე მეტი ვაკანსიაა ფარმაცევტებზე. მაღალია მოთხოვნა პროგრამისტებზე, მონაცემთა ბაზის დიზაინერებზე, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების განვითარების სპეციალისტებზე. მათ, ვისაც მენეჯერობა სურთ, არსებითად ვერ გავახარებ. ამ პოზიციაზე გამოქვეყნებული ვაკანსიები საერთო ვაკანსიების მხოლოდ 2.5 პროცენტს შეადგენს. სრული ჩამონათვალის მიმოხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, ერთი კი მარტივად შესამჩნევია – შრომის ბაზარი უფრო საქმის გამკეთებელს ეძებს, სავარაუდოდ, დავალების მიმცემი მრავლად არის...