დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ბრატისლავაში დავით ზალკალიანი სესიაზე წარდგება და მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრა ბრატისლავაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაში, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა სლოვაკეთის დედაქალაქში 5-6 დეკემბერს გაიმართება.

დავით ზალკალიანი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადების გაკეთება და ასევე ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისალმება.

ეუთოს თავმჯდომარე: ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იმედისმომცემია

საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელთან, კოლეგა მინისტრებთან და ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ასევე სუამი-იაპონიის მინისტერიალი.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ყირგიზ კოლეგა ჩინგიზ აიდარბეკოვს. მხარეები ხელს მოაწერენ 2020-2021 წლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას.