„ფორთოხლისფერი ავტობუსი“ – თეატრი ბორბლებზე რეგიონებში მოგზაურობას იწყებს

პროექტით განსაკუთრებით გახარებული არიან  პატარა მაყურებლები. ბავშვები თითოეული წარმოდგენის შემდეგ საკუთარი ემოციების დაფარვას ვერ ახერხებენ.
Sputnik

თბილისი,  3 დეკემბერი  - Sputnik.  თითების თეატრის დამფუძნებელი და რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი ახალი პროექტ „ფორთოხლისფერის ავტობუსის“ ავტორი გახდა, რომელიც საქართველოს რეგიონების მოსახლეობის არასტანდარტული კულტურული დადგმებისადმი ხელმისაწვდომობაზეა გათვლილი.

ბესო კუპრეიშვილის პროექტი „ქართუ ბანკისა“ და ფონდ „სიცოცხლის ხის“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ხუთი გამარჯვებული–პროექტი ბანკისგან საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად 50–50 ათას ლარს მიიღებს.

გასულ წელს კონკურსში 143–მა პროექტმა მიიღო მონაწილეობა. 

თუ თქვენ არ მიდიხართ კინოში, კინო მოდის თქვენთან - დაიწყო უჩვეულო პროექტი

 „ფორთოხლისფერი ავტობუსი“ წარმოადგენს მობილურ, ადაპტირებულ თეატრალურ სივრცეს. აქ შესაძლებელი იქნება თითების, ჩრდილების თეატრების სპექტაკლებისა და მონო–დადგმების ჩვენება.

ავტობუსი ადაპტირებულია შშმ პირებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ეს პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებში დგას.

როგორც კუპრეიშვილმა „ტვ პირველზე“ გადაცემაში „პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად“ ისაუბრა,  პროექტის ერთ–ერთი სავალდებულო პირობა იყო დასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის დასაქმება.

„ჩვენ აუცილებლად დავასაქმებთ ჩვენთან კიდევ ერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. ჩვენ ვივლით სოფლებში, ყველა რეგიონში. ადრე რეგიონებში წასასვლელად  მანქანის დაქირავება გვიწევდა, ახლა კი ამის აუცილებლობა აღარ არის, ჩვენ გაცილებით მობილური გავხდით“, – განაცხადა კუპრეიშვილმა.

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ამ პროექტით განსაკუთრებით გახარებული არიან  პატარა მაყურებლები. ბავშვები თითოეული წარმოდგენის შემდეგ საკუთარი ემოციების დაფარვას ვერ ახერხებენ.

ავტობუსი ანუ „თეატრმობილი“, როგორც მას თავად ავტორი უწოდებს, 25 ადგილზეა გათვლილი.