ხურმის პლუსები და მინუსები: ვის და რატომ ეკრძალება ერთ ცალზე მეტი ხურმის მიღება

ექიმები ამბობენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი დღეში მხოლოდ 150 გრამამდე ხურმის მიღებაა უსაფრთხო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმები კატეგორიულად კრძალავენ ხურმის მიცემას 3 წლამდე ბავშვებისთვის.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ხურმის შუზღუდავმა გამოყენებამ შესაძლოა ადამიანი იქამდე მიიყვანოს, რომ მას სერიოზული ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, იუწყება საიტი news-fast.com.

საიტის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში მსგავსი ოპერაცია ჩაუტარდა მოსკოველ მამაკაცს, რომელმაც მედიკოსებს მიმართა ჩივილებით: შემბოჭველი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება და სამი დღის განმავლობაში განავლოვანი მასების შეკავება. როგორც გაირკვა, მწვავე გაუვალობა იმით იყო გამოწვეული, რომ პაციენტს ბევრი ხურმა ჰქონდა ნაჭამი. 

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ხურმა

უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობისას ექიმებმა მამაკაცის მუცელში ფიტობეზოარი – უცხო სხეული აღმოაჩინეს, რომელიც უხეში ბოჭკოების დაგროვების შედეგად იყო ჩამოყალიბებული და რომლის მონელებაც შეუძლებელია.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ფიტობეზოარი ყველაზე ხშირად ფორმირდება მცენარეული ბოჭკოსგან, თესლების კანისგან ან კურკებისგან: ხურმის, ველური ქლიავის, ალუბლის, ყურძნის, ფინიკისგან. ფიტობეზოარის წარმოქმნის სიჩქარე დამოკიდებულია მის ორგანულ ბუნებაზე და მერყეობს 1-5 დღიდან 10 და მეტ წლამდე.

მედიკოსების თქმით, ფიტობეზოარი ძალიან სწრაფად ფორმირდება მოუმწიფებელი ხურმისგან, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ფისოვან და შემკვრელ ნივთიერებებს. თუმცა მწიფე ხურმაც ასევე საშიშია, თუ ადამიანი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს.

ექიმები ამბობენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი დღეში მხოლოდ 150 გრამამდე ხურმის მიღებაა უსაფრთხო.

რაც შეეხება შაქრიანი და ინსულინრეზისტენტული დიაბეტის მქონე პაციენტებს, მათ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ხურმის მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ის დიდი რაოდენობით საქაროზას შეიცავს, ასეთმა პაციენტებმა საერთოდ უარი უნდა თქვან ხურმაზე.

  • განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმები კატეგორიულად კრძალავენ ხურმის მიცემას 3 წლამდე ბავშვებისთვის.

ამასთან, ხურმა სასურველია მიირთვათ მწიფე და თანაც დღისით, არავითარ შემთხვევაში ღამით, ვინაიდან ეს ხილი კუჭისთვის საკმაოდ აგრესიულია.

რაც შეეხება სარგებლობას, ხურმა მდიდარია მიკროელემენტებით – იოდით, რკინით, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, მანგანუმით, მაგნიუმით. მასში დიდი რაოდენობით შედის ასევე А, С და В ვიტამინები.

ხურმა სასარგებლოა ავიტამინოზისა და ასევე რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის, ის ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების განვითარების რისკს. ის მარგებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის, ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აქვს შარდმდენი თვისება.