ემიგრანტი ქალის წერილები: „დედებო, ასე რამ შეგაძულათ თქვენი ჯიში და მოდგმა?“

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...
Sputnik

სამშობლოდან შორს მყოფები უცხოეთში პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ, მათი გენეტიკური შემოქმედებითი უნარი ყოფითმა პრობლემებმა ვერ დაჩრდილა. 
მარი ბიბილური 2007 წლიდანაა ემიგრაციაში – ათი წელი იტალიაში, ძირითადად ფლორენციაში ცხოვრობდა, ბოლო ორი წელი მილანშია.

ემიგრანტი ქალის წერილები: „დედებო, ასე რამ შეგაძულათ თქვენი ჯიში და მოდგმა?“

ქარელის რაიონის რაიონის სოფელ ფცაში დაიბადა, პროფესიით ექთანია, გორის სახალხო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. ათი წლიდან წერს და მისი პირველი ლექსი სამცხე-ჯავახეთის ჟურნალ „არავში“ დაიბეჭდა. გამოცემული აქვს კრებული, ახლახან მისი ლექსები შევიდა პოეტ დათო ახლოურის კრებულში „მე და ჩემი მეგობრები“.

ემიგრანტი ქალბატონი სამი შვილის დედა და ექვსი შვილიშვილის ბებიაა. ეს სამშობლოში გამოგზავნილი მისი წერილია:

„სულით და ხორცით ქართველი ვარ. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მადლიანი ქართველები. თუმცა იმასაც ვხედავ, რა ცუდიც გვჭირს – საშინელი თვისება გვაქვს, ოღონდაც ქართველზე გავიგოთ ცუდი და ისე გავასწორებთ მიწასთან, რომ არც ვიკითხავთ ის ამბავი სიმართლეა თუ ტყუილი.

ემიგრანტი ქალის წერილები: „დედებო, ასე რამ შეგაძულათ თქვენი ჯიში და მოდგმა?“

საბერძნეთში 2011 წელს 19 და 20 წლის ქართველმა ბიჭებმა ტაქსის მძღოლი მოკლეს. ბიჭებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. როცა ეს ამბავი გავიგე, ისე განვიცადე, იმდენი ვიტირე, რომ დღემდე ცუდად ვარ. პირველი, ვისზეც გავიფიქრე, მათი დედები იყო, საბრალო დედები. მეორე, არავინ იცის, მართლა არიან თუ არა ისინი მკვლელები და, მესამე, რამაც გამანადგურა, ეს სოციალურ ქსელებში ქართველი დედების მიერ დაწერილი კომენტარებია... რამ გაგაცივათ, ხალხო? დედებო, ასე რამ შეგაძულათ თქვენი ჯიში და მოდგმა?! არც ერთ დედას არ უნდა, რომ მისი შვილი ქურდი და მკვლელი გამოვიდეს. სამართალი უფალს მივანდოთ და ყველამ ჩვენ ცხოვრებას მივხედოთ...

ემიგრანტი ქალის წერილები: „დედებო, ასე რამ შეგაძულათ თქვენი ჯიში და მოდგმა?“

ცამეტი წელი ხდება, რაც იტალიაში ვარ, ვუყურებ, რა დღეში არიან აქ ქართველი ბიჭები, რომლებსაც ალბათ ეგონათ, რომ ჩამოვიდოდნენ უცხოეთში და ეშველებოდათ. წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ ცხოვრობენ აქ – უჭმელები ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეს და ჯიბეში გროშიც არ უდევთ. ყველა დედას ვეკითხები: დაინტერესებულხართ მათი ბედით? ერთხელ მაინც გაგჩენიათ სურვილი, რომ დახმარებოდით ასეთ ადამიანს? იმდენს ვიცნობ ფულს რომ აპროცენტებენ და მოდელებივით დაზმანულები დადიან... იქნებ, ჩვენი ხუთი ევრო მაინც მათ საჭმლის ან სიგარეტის ფულად წაადგეთ?.. უკიდურესად გაჭირვებული ვინც არის, იქნებ, მათთვის გზის ფული შეგვეგროვებინა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ?..

ემიგრანტი ქალის წერილები: „დედებო, ასე რამ შეგაძულათ თქვენი ჯიში და მოდგმა?“

ალბათ ვინმე მკითხავთ – შენ რა გაგიკეთებიაო? ორი ახალგაზრდა საკუთარი ფულით საქართველოში დავაბრუნე. მანამდე მათ საჭმელს ვაძლევდი, ექიმებთანაც წავიყვანე და ტანსაცმელიც მივეცი. ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ ვინმეს თვალში ავმაღლებულიყავი, არამედ იმიტომ, რომ დედა ვარ და მტკივა ყველას შვილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ემიგრანტებად აქცია. ეს ლექსიც ალბათ ყველას შვილზე დავწერე...

დედი, უშენობა ისე მომერია,

ისე მენატრები ჩემო,

ყველას შენ გამსგავსებ,

გული დამელია,

მხოლოდ შენს სიყვარულს ვჩემობ.

ისე მეშინია ახლა უშენობის,

გულში ჩამეკირა სევდა,

დრო ცოტა დამრჩა სულის შენდობის,

გთხოვ, რომ მაპატიო დედა.

ძვლები ისე მტკივა შენი მონატრებით,

მინდა ვიღრიალო ცამდე,

ჩემო ტკივილო და ჩემო მონატრებავ,

არასდროს მიგატოვებ, გწამდეს.

ემიგრანტი ქალის წერილები: „დედებო, ასე რამ შეგაძულათ თქვენი ჯიში და მოდგმა?“

გული მიკვდება ჩემი სამშობლოს ასეთი ყოფით, გახიზნული, სხვის მონად ქცეული ქართველი მანდილოსნების შემყურე. მტკივა უიმედოდ მყოფი პატარა გოგო-ბიჭები, კაზინოებად ქცეული ღვთის მიწა, ურჯულოთა ჰარამხანები, მიტოვებული მოხუცები, ნასოფლარები, ნასახლარები და წინაპართა მიტოვებული საფლავები...

მაპატიეთ, რომ არაფერი შემიძლია, რომ აქ, სხვის მიწაზე ასეთი უძლური ვარ. მე ერთი გულდარდიანი ემიგრანტი ქალი ვარ, რომელსაც სამშობლო არასოდეს მიმიტოვებია, რადგან ის აქ, ამ დაფლეთილ გულში მყავს და სულ თან დავატარებ...“