ჰოლივუდი საქართველოს კინომეკობრეობის გამო სანქციებით ემუქრება

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში შეიქმნა ასოციაცია „ინტერნეტ-მეკობრეების წინააღმდეგ".
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. წამყვანმა ამერიკულმა კინოსტუდიებმა Disney, Netflix, Paramount Pictures, Sony Pictures, Universal City Studio და Warner Bros აღშფოთება გამოთქვეს საქართველოს ვებ-გვერდებზე კინოპროდუქციის უკანონო განთავსების გამო, იუწყება ქვეყნის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ამასთან დაკავშირებით გავლენიან ჰოლივუდურ კინოსტუდიებს საქართველოსთვის გარკვეული სანქციების დაწესება შეუძლიათ.

„სილქნეტი“ ინტერნეტში არალიცენზირებული ფილმების გავრცელების წინააღმდეგია

„წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს ერთგვარ გაფრთხილებას უგზავნიან. წერილში, რომელიც 4 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამოეგზავნა, წერია, რომ ქართული ვებ-გვერდები წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებენ და სხვადასხვა ფილმებს ასაჯაროებენ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს", – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

წერილის მთავარი ადრესატი ორი ქართული ინტერნეტ-გვერდია – Adjarabet და iMovies.

კინომეკობრეობის პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში შეიქმნა ასოციაცია „ინტერნეტ-მეკობრეების წინააღმდეგ". მისი წევრები ქართულ ვებ-გვერდებზე კინოპროდუქციის კანონიერ განთავსებასთან დაკავშირებით სოციალური კამპანიის დაწყებას აპირებენ.

ამას გარდა, ამჟამად მზადდება სპეციალური ვიდეოკლიპი, რომელიც არალეგალური ფილმების ჩვენების გამო ქვეყნის ეკონომიკისთვის ზიანის შესახებ მოგვითხრობს.