თბილისის სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა – მოზარდი საავადმყოფოში მოხვდა

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტი მკურნალობას სტაციონარში განაგრძობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა. მოზარდი დედაქალაქის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფექციის დიაგნოზი ვაზისუბნის №92 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს რამდენიმე დღის წინ დაუსვეს. შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო პროცესი სკოლაში არ შეწყვეტილა.

„სამწუხაროდ, დაფიქსირებულია მენინგიტის შემთხვევა. ეს დადასტურებული ფაქტია. შემთხვევა მეოთხეკლასელ მოსწავლეს გამოუვლინდა. შესაბამისად, სკოლამ ყველა აუცილებელი ზომა მიიღო, აცნობეს შესაბამის სამსახურებს. იმავე დღეს ჩატარდა დეზინფექცია. დღევანდელი დღის მონაცემებით, საუბარია მხოლოდ ერთ შემთხვევაზე. საბედნიეროდ, ბავშვი პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა №92 სკოლის დირექტორმა ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ ეთერში.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი ამოიწურა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, გია დეისაძის ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტი სტაციონარში მკურნალობას განაგრძობს.

„არსებობს მენინგიტის ცალკეული შემთხვევები, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის. ჩვენ არ ველით რაიმე სახის გართულებას ან პრობლემას... მსგავსი შემთხვევები ზამთრის სეზონზე მატულობს, ზაფხულის ან გაზაფხულის სეზონებთან შედარებით“, – აღნიშნა დეისაძემ.

გრიპის სეზონი კარს მოგვადგა: პაატა იმნაძემ რისკებზე ისაუბრა >>

მენინგიტი – ტვინის გარსის ინფექციაა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ბაქტერია. პირველად მენინგოკოკური ინფექცია 1805 წელს აღწერეს, როდესაც ეპიდემიამ ჟენევა მოიცვა. ბაქტერიები ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა სასუნთქი გზებით. სიკვდილიანობა მენინგიტის შემთხვევაში 15 პროცენტს შეადგენს.