და ამ ზრუნვაში ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ ხან თვითონ თხზავენ ახალ მითებს, ხანაც საკუთარი დედა-ბებიების გადმოცემებს გვიყვებიან. მათი მითები ხანდახან სულაც არაა საფუძველს მოკლებული, ზოგჯერ კი ისეთი ზღაპრულია, მტკიცებითი მედიცინის ერაში ძალიან გაგეცინება. „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე ბებიების მითებს მიმოიხილავს და მკითხველს ბებიების 10 მითის შესახებ ესაუბრება.
მითი N1 - ბავშვი ყინვაში რომ გაიყვანე, იმიტომ გაგიცივდა და ახველებს
სინამდვილეში „გაციება“ ვირუსითაა გამოწვეული და სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა დაახლოებით 300-მდე ვირუსს შეუძლია. მათთვის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ კი ცხელებაცაა დამახასიათებელი.
მითი N2 - ახალშობილს მჭიდროდ თუ გაახვევ, სწორი ფეხები ექნება
დარწმუნებული ვარ, გაგეღიმათ. ახალშობილის გახვევა აღარაა მიღებული პრაქტიკა. პირიქით, ბავშვის განვითარებისათვის მოძრაობა აუცილებელია. ძვლების ფორმებს კი გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს და თუ რაიმე დაავადების გამო არ განიცადა დეფორმაცია, სხვა არაფერი შეცვლის.
მითი N3 - რატომ კვებავ ბავშვს ძუძუთი ასე ხშირად? კუჭი გადაეტვირთება და ავად გახდება
არ დაიჯეროთ!
ქალის რძე ბავშვის კუჭში მცირე ხნით ყოვნდება და მას კუჭი სწრაფად ინელებს, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად კვებოთ ის მოთხოვნილებისამებრ. ხელოვნური ნარევი კი ძნელად მოსანელებელია და კუჭში დაახლოებით 3-3,5 საათი ყოვნდება, ამიტომ ხელოვნური კვების დროს შუალედების დაცვა აუცილებელია.
მითი N4 - თავდაბანილი გარეთ არ გახვიდე, თორემ მენინგიტი დაგემართება
მორიგი მითია. მენინგიტს ვირუსები და ბაქტერიები იწვევს.
მითი N5 - თუ ახალშობილს თვალიდან ჩირქი მოსდის, დედის რძის ჩაწვეთება უშველის
არ გირჩევთ ამის გაკეთებას, დედის რძე მართლაც უნიკალური ნივთიერებაა, ის დიდი რაოდენობით ანტისხეულებს შეიცავს, რაც ინფექციებისგან გვიცავს, მაგრამ თვალთან ეს კავშირში არაა. პირიქით, შესაძლებელია კონიუნქტივიტის მოვლენები კიდევ უფრო გამწვავდეს. ამიტომ ჯობს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი გამოიყენოთ.
მითი N6 - ბავშვს „მუცლის თმას“ თუ გადაპარსავ, უფრო ხშირი თმა ამოუვა
გოგონების დედიკოებს ალბათ უფრო გეცნოთ.
არ დაიჯეროთ! მითია. თმის სტრუქტურას გენეტიკა განაპირობებს და რამდენჯერაც არ უნდა გადაპარსოთ პატარას თავი, სქელი ან ხვეული თმა მაინც არ ამოუვა.
რაც შეეხება „მუცლის თმას“, გახსოვდეთ, თმა მუდმივ თვითგანახლებას განიცდის, თანდათან ცვივა და ახალი ამოდის. ასე რომ, ასეთი თმა მხოლოდ ახალშობილს აქვს.
მითი N7- ერთჯერად საფენს მრავალჯერადი სჯობს. დაინახავ მაინც, როდის დასველდა და სწრაფად გამოუცვლი
ეს ასე არ არის. ერთჯერადი საფენი ნამდვილად კარგი ხსნაა თანამედროვე მშობლებისთვის, რადგან ის ძალიან კომფორტულია. არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც რომელიმე ამ საფენის უპირატესობას დაადასტურებს მეორესთან შედარებით იმ შემთხვევაში, თუ მას დიდხანს დააყოვნებთ. ხშირი გამოცვლა ორივე ტიპის საფენს სჭირდება საფენის დერმატიტის თავიდან ასაცილებლად.
მითი N8 - კეფაზე თმა იმიტომ გასცვივდა, რომ სულ აქეთ-იქეთ იყურება წოლის დროს, თავს ამოძრავებს და კეფა „გაეხეხა“
მითია. კეფაზე თმის გაცვენა რაქიტის ნაადრევი ნიშანია და თუ დიდხანს დაიჯერებთ ამ მითს და პატარას D ვიტამინის გარეშე დატოვებთ, მას საკმაოდ ბევრი დეფორმაციისა და დაზიანებისთვის გაწირავთ.
მითი N9 - ახალშობილს სახლშიც უნდა ეხუროს ქუდი, რომ არ გაცივდეს
არა, ახალშობილს სახლში ქუდი არ უნდა ეხუროს. გამონაკლისია ბანაობის შემდგომი პერიოდი, როცა პატარას სველი თავი აქვს და სითბოს ადვილად გასცემს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ქუდი უნდა მოხადოთ.
მითს საფუძვლად ერთი ფაქტი უდევს – ახალშობილი მართლაც ძალიან სწრაფად კარგავს სითბოს. ამიტომ სამშობიარო ბლოკში დაბადების შემდგომ მას სწრაფად ამშრალებენ, ახვევენ და სითბური გამათბობლის ქვეშ აწვენენ, რათა სითბოს დაკარგვა და სხეულის გადაციება თავიდან აიცილონ.
მითი N10 - საკვების მიცემა ვერცხლის კოვზით ჯობს, ბავშვს მიკრობებისგან დაიცავს
ვერცხლს მართლაც აქვს ანტიმიკრობული თვისებები, თუმცა რა ეფექტი შეიძლება მოახდინოს მან რამდენიმე წამით მასში დაყოვნებულ საკვებზე, სადავოა. თანამედროვე მედიცინას ამ ეტაპზე არ აქვს განსაკუთრებული აკრძალვა ვერცხლის კოვზის გამოყენებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რეკომენდაციები მისი გამოყენების სარგებლიანობასთან მიმართებაში.
სამყარო შეიცვალა, ბებიკოებო, და ბევრი მითიც გაქარწყლდა, დაუჯერეთ ხანდახან ახალგაზრდა დედებს, ქალიშვილებსა და რძლებს.