თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძე განაცხადა, რომ დღეს კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უსუფაშვილი–ხაზარაძე–ჩიხრაძე: პოლიტიკოსები ახალ ალიანსს აყალიბებენ >>
თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება.
„ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ შეცვლილიყო პროპორციული არჩევნების თარიღი ამჯერად 2024 წლიდან 2020 წლამდე. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში საბოლოო ჯამში იღებს პარლამენტი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა. რა თქმა უნდა, ჩვენც გულდაწყვეტილი ვართ, რომ ეს გადასვლა ვერ მოხდა, თუმცა ყველამ უნდა მიიღოს, რომ ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, ეს არ არის პოლიტიკური პროცესის შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ასრულებს დემოკრატიულ განვითარებას.
„გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ. თუ რა გაუმჯობესების შესაძლებლობა არის უკვე საკანონმდებლო დონეზე, რადგან დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, ამაზე მომდევნო კონსულტაციებში შესაძლოა, ჩვენ კიდევ დავხარჯოთ დრო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 10:00 საათიდან მიმდინარეობდა. შეხვედრაზე არ იყვნენ მიწვეული ახალგაზრდული მოძრაობები და ორგანიზაციები, რომლებიც ზაფხულიდან მოყოლებული პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებად მიიჩნევიან.