თბილისსა და ბანგკოკს ჩარტერული ავიარეისები დააკავშირებს

საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ბანგკოკის მიმართულებით ჩარტერული რეისები გაზარდა
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ტაილანდური ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის მარშრუტზე, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო >>

ფრენები განხორციელდება ზამთრის სეზონზე Airbus A330 თვითმფრინავზე. კერძოდ, ფრენები იგეგმება 25, 27, 28, 29 დეკემბერს, ასევე 1, 2 და 6 იანვარს.

სააგენტოს ცნობით, ახალი ფრენები საახალწლო დღესასწაულებზე ტურისტების საქართველოში ჩამოსაყვანად დაინიშნა.

საქართველოსა და სამხრეთ კორეას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

თავდაპირველად, 21 ოქტომბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ტაილანდის ავიაკომპანიას მისცა ნებართვა ორი ჩარტერული რეისის განხორციელებაზე, მოგვიანებით მათი რიცხვი გადამზიდავის მოთხოვნით გაიზარდა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში შესვლის გამარტივებული რეჟიმი მიმდინარე წლის აპრილიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტაილანდში ტურისტული მიზნით ჩადიან, შესაძლებლობა აქვთ, ვიზა იქ ჩასვლის შემდეგ მიიღონ (Visa on Arrival). საქართველოს მოქალაქეები ტაილანდში ტურისტული მიზნით ყოფნას 15 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

საქართველოსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დამყარდა. ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის გააქტიურდა. გაიმართა ორივე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები როგორც ბანგკოკში, ისე თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში.