50-ლარიანი მონანიება: „გირჩის მღვდლებს“ სტატუსის გაუქმება შეუძლიათ

რელიგიური ორგანიზაციის დატოვება „გირჩის“ მიერ მღვდლად „ნაკურთხ“ ახალგაზრდებს მონანიების საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლიათ.
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. „ბიბლიური თავისუფლება“ საკუთარ მღვდელმსახურებს რელიგიური ორგანიზაციის დატოვების შესაძლებლობას აძლევს, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ.

ორგანიზაციიდან გასვლა ნებისმიერ წევრს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მღვდელმსახურის სურვილი და 50 ლარი – მონანიების საფასური. 

„პოლიტიკური აიკიდო“, ანუ როგორ პოულობს „გირჩი“ ხვრელებს კანონში

მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად „ბიბლიური თავისუფლების“ წევრები „გირჩის“ ოფისში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მივიდნენ. მსურველებმა უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი და მონანიებაზე კურთხევის საფასური.

პარტია „გირჩის" ლიდერებმა, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისა, 2017 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რაც ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურისგან თავის დახსნაში ეხმარება. საქართველოში მღვდელმსახურისთვის ჯარში სამსახური სავალდებულო არ არის.

ახალგაზრდები მღვდელმსახურის მოწმობაში შემოწირულობას – 50 ლარს იხდიან.

ლევან ჯგერენაიას თქმით, „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაერთიანება ყველა ადამიანს შეუძლია, ვისაც „თავისუფლება სწამს“, და არა აქვს მნიშვნელობა, ის მართლმადიდებელია, კათოლიკე თუ მუსლიმი. ამ დროისთვის რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე „მღვდელმსახური“ ჰყავს.

რამდენიმე კვირის წინ სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძის ოჯახს მართლმადიდებელმა მღვდლებმა ავტოავარიაში დაღუპული შვილისთვის წესის აგებაზე უარი უთხრეს, რადგან მას „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა. ახალგაზრდამ თავის დროზე ეს მოწმობა სამხედრო სამსახურისგან თავის დასახსნელად აიღო.