თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები შეღავათებით ისარგებლებენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, ადგილობრივი ფერმერები თავიანთ მოყვანილ თამბაქოს უაქციზოდ და დაუფასოებლად გაყიდიან.
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ადგილობრივი ფერმერები მათ მიერ მოყვანილი თამბაქოს რეალიზებას აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღმართში დაწეული ქვა... ანუ თუთუნიც ძვირდება?!>>

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 21 ნოემბრიდან აქციზით იბეგრება თამბაქოს ნედლეული, ყალიონით მოსაწევი თამბაქო, შესახვევი თამბაქო, „ჰომოგენიზებული" ან „აღდგენილი" თამბაქოს მიწოდება. გარდა ამისა, იკრძალება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს და შესახვევი თუთუნის ნეტო მასით 50- ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდებაც.

საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ახალმა ცვლილებებმა აჭარაში თამბაქოს მწარმოებელთა პროტესტი გამოიწვია. ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებზე მწარმოებლებმა ჯერ ცვლილებების გაუქმება, ხოლო შემდეგ გარკვეული შეღავათები მოითხოვეს. მათი თქმით, მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, ქედაში, შუახევსა და ხულოში თამბაქო აქტიურად მოჰყავთ და ის მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი ისინი გადასახადს ვეღარ გადაიხდიან და იძულებული იქნებიან, სოფლები დატოვონ.

„თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებლებზე, ფერმერებზე. ამიტომ გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგინდა, რომ ფერმერები აქციზის და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, არ დაიჩაგროს გლეხი", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

კანონმდებლობის თანახმად, დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით. ხოლო აქციზით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის უაქციზოდ გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია კი, კანონმდებლობის მიხედვით, საქონლის ჩამორთმევას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამბაქოს გაძვირება – როგორც გამოსავალი ყველაზე მწეველი ქვეყნის სტატუსის მოსახსნელად?>>

2017 წლის იანვრიდან ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2019 წელს გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სააქციზო განაკვეთი.

შედეგად, ორი წლის განმავლობაში საქართველოში სიგარეტი თითქმის ორ-ნახევარჯერ გაძვირდა. 2019 წელს ფასმა ორჯერ მოიმატა, საშუალოდ 1 ლარით, ამჟამად სიგარეტის ერთი კოლოფი საშუალოდ 4–6 ლარი ღირს.