„ჩემი გეგმა მაქვს“: როგორ აპირებს თბილისის ვიცე-მერი სამარშრუტო ტაქსების პარკის განახლებას

დედაქალაქის მერიაში კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გეგმებს მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით მიუღებელი უწოდეს.
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსების ავტოპარკი აუცილებლად განახლდება, მაგრამ ეს მგზავრობის ღირებულებაზე არ აისახება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

რუსთავი–თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა: რომელ მიმართულებებს შეეხება ახალი ტარიფი >>

ოთხშაბათს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ განაცხადა, რომ მზად არის 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტარიფში აისახება.

„ქალაქს სჭირდება ახალი მიკროავტობუსები, თუმცა მერიისთვის პირობა, რომ ტარიფი გაიზარდოს, მიუღებელია. მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა ვაწარმოო, პირობა, რომელსაც არასდროს მოვისმენ და დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მაქვს ჩემი კონკრეტული გეგმა. მათ ისეთ გეგმას შევთავაზებ, რომელზეც უარს ვერ მეტყვიან“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძე უკვე შეხვდა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს, განხილვის მთავარი თემა იყო ფინანსური პრობლემები და სამგზავრო ტარიფი. კომპანიას 2011 წლიდან ტარიფი არ შეუცვლია, ლარის კურსის არასტაბილურობისა და საწვავზე ფასების ზრდის მიუხედავად.

საჭიროა თუ არა სამარშრუტო ტაქსები თბილისში - კვლევის შედეგები და მერიის გეგმები

„მათ პოზიციას ფინანსური ახსნა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ ჭრილში, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით ვატარებთ, მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას ჩვენ არ ვაპირებთ“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

სამშაბათს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს დაავალა ორი კვირის განმავლობაში გამართოს მოლაპარაკებები კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ძველი მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. მისი თქმით, მიუღებელია ქალაქში გადაადგილდებოდნენ მიკროავტობუსები ასეთ მდგომარეობაში.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.