საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

საქართველოს, როგორც თავმჯდომარის პრიორიტეტებს შორისაა ადამიანის უფლებებისა და გერმოს დაცვა, მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მართლმსაჯულება
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს ოფიციალურად მიიღებს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მოსამზადებლად ჩამოვიდა

საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში გაიმართება.

ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პრიორიტეტებს წარადგენს.

საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს შორისაა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადაცემის აღსანიშნავად სტრასბურგში 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება.

ზალკალიანი: ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო ღირებულებებისკენ და ცივილიზაციისკენ ნაბიჯი>>

ევროპული ოჯახისკენ პირველი ნაბიჯები საქართველომ 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა. ამჟამად ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში – 2020 წლის მაისამდე.