თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ნათია თურნავამ და კიტაკ ლიმმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის რეგულირების დახვეწაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, აგრეთვე ქართველი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომის ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნასა და მსოფლიოს წამყვან გემთმფლობელ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
„საქართველოს მთავრობა, პარტნიორ ქვეყნებთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს და პროექტებს, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ საზღვაო ტრანსპორტის სისტემაში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ჩვენი ქვეყნის, როგორც შავ ზღვაზე საზღვაო სერვისების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებლის, კონკურენტუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს. ამ მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციიდან, მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
თავის მხრივ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტები საქართველოს მხარესთან და აღნიშნა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ, რომელიც თანამიმდევრულ რეფორმებს ახორციელებს. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა საერთაშორისო საზღვაო ფორუმების ბათუმში ჩატარების ტრადიცია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და უკვე იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორუმად, სადაც მსოფლიო მასშტაბის გემთმფლობელი კომპანიებისა და წამყვანი საზღვაო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები დარგის განვითარების საკითხებზე მსჯელობენ.
მსოფლიოს მეტი ქართველი მეზღვაური სჭირდება: თურნავამ ლონდონში შეხვედრები გამართა>>
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბათუმის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2020 წელს გაიმართება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი.