თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქის მერიამ ფრანგულ კონსალტინგურ კომპანია Sistra-ს კვლევა დაუკვეთა, რომელმაც განსაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
კალაძის განცხადებით, ფრანგული კომპანია „სისტრას" მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის კვლევის შედეგი გახდა ცნობილი, რომლის მიხედვით, მიკროავტობუსების არსებობა ქალაქისთვის შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა არ შემცირდეს.
„ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო, საჭირო იყო თუ არა საერთოდ მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. როგორც იცით, კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია. ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩებისა და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება. მითუმეტეს, სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდი ავტობუსების შემოყვანას - 18 და 24-მეტრიანების. შესაბამისად, კვლევამაც გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების არსებობა ქალაქში მნიშვნელოვანია", -აღნიშნა კალაძემ.
თბილისში „მარშრუტკებს" აკრძალავენ? რას აპირებს მერია>>
მერის განცხადებით, მიკროავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
„მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და საზოგადოების მხრიდან მითითება იმაზე, თუ როდის ჩანაცვლდება ისინი, არის ლეგიტიმური. მიკროავტობუსებს აქვს გამონაბოლქვი, ზოგს ძირი აქვს გავარდნილი და ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მიუღებელია მათი ამ მდგომარეობაში ხილვა მაშინ, როდესაც ავტობუსების პარკის მთლიანად განახლება-ჩანაცვლება გვაქვს დაწყებული", - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ორი კვირის ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რათა 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.
„ჩემთვის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. ორ კვირაში კონკრეტული გეგმა წარმოადგინეთ, რომ 2020 წლიდან უკვე ჩანაცვლების პროცესი დაიწყოს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.