რას აჩუქებენ საქართველოს აეროპორტებში ჩამოსულ ტურისტებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოსული სტუმრები სამივე საერთაშორისო აეროპორტში ქართული ღვინით დასაჩუქრდებიან.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსული ტურისტები საჩუქრად საფერავის ღვინოს მიიღებენ, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

რა საჩუქარს უმზადებენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს?

„ეს-ეს არის, რაც ღვინის სამშობლოში ჩამოხვედი და უკვე იცი, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „გამარჯობაა“. საქართველო კულინარიის სამოთხეა. აქ თქვენ გიმასპინძლებენ გულღია და დადებითი ემოციებით სავსე ადამიანები. „მასპინძლობა" ჩვენი მეორე სახელია, ამის დასტურად, გთხოვთ, მიიღოთ პატარა საჩუქარი, როგორც წინასწარი ნიშანი განუმეორებელი მოგზაურობისა!" – ეს ტექსტია დატანილი ღვინის ბოთლზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად გადასცა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ საჩუქრის ეს ფორმა, ორიგინალური გზავნილით, ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მოგზაურებს დადებით განწყობას უქმნის, სურვილს უჩენს საქართველოში კვლავ იმოგზაურონ და ქვეყნიდან წაღებული დადებითი ემოცია თავიანთ ახლობლებს გაუზიარონ.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან პოზიტიური კამპანია საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს სიმბოლურად გადავცემთ ქართულ ღვინოს, რომელზეც დატანილია ის ძირითადი მესიჯები, რომელიც სწორად წარადგენს ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობას, ვასწავლით სიტყვა გამარჯობას. მოხარულები ვართ – ამ კამპანიამ ტურისტებში ძალიან პოზიტიური ემოციები გამოიწვია, მათი თქმით, მსგავსი გამოცდილება არასდროს ჰქონიათ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას", – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის პოზიციონირება; გარდა ამისა, ღვინის ბოთლზე დატანილი მესიჯებით აქცენტი კეთდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა თავისი უნიკალური ტრადიციებით, კულტურითა და კულინარიით.

ამერიკელმა მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა>>

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანიის ფარგლებში 300 ათას ბოთლ ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინის შესყიდვაზე ტენდერი ზაფხულში გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მლნ ლარი იყო. ტენდერის მიხედვით, სასაჩუქრე ღვინო უნდა იყოს წითელი, მშრალი, 100 პროცენტით საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული.