„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

ხელოვან მარი ჩხარტიშვილს თბილისში ბევრი იცნობს. მისი შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია, ნამუშევრები კი ორიგინალურობით გამოირჩევა.
Sputnik

ქალბატონი მარი სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაოჯახდა, ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს ბავშვებს და ოჯახს ახმარდა. თუმცა ბუნებრივი ნიჭის წყალობით მაინც მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება. ხატავს, ქსოვს გობელენებს, ქმნის ხელნაკეთ ნივთებს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ხელოვნება დაეხმარა რთული და მტკივნეული დღეების დაძლევაში.

„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

- 1982 წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ტექსტილის ფაკულტეტი. ჩემი სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ეთერ ანდრონიკაშვილი, დავით კაკაბაძის მეუღლე. აკადემიის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი, ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. დაოჯახების შემდეგ ისე აქტიურად ვეღარ ვმუშაობდი, უმეტეს დროს ბავშვებს და ოჯახს ვახმარდი. თუმცა გობელენებს ყოველთვის ვქსოვდი. ბევრი შეკვეთები მქონდა, მაშინ ბუმი იყო გობელენების. ჩემი გობელენები დღეს კერძო კოლექციებშიც ინახება კიევში, მოსკოვში და ა.შ. ასევე მიყვარს აკვარელი და ბევრი ნამუშევარიც მაქვს.

2009 წელს გარდაიცვალა ჩემი მეუღლე და მოგეხსენებათ, რამდენად რთული პერიოდის გადალახვა მომიხდა. იმ პერიოდში ჩემი შვილებიც არ იყვნენ საქართველოში. ორივე სტუდენტი იყო, გერმანიაში სწავლობდნენ. დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა, რაც ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის გადალახვაში დამეხმარა. თავიდან ქვებზე დავიწყე მუშაობა, შემდეგ ხეზე, რაც ძალიან მომეწონა. მხოლოდ მუშაობის დროს ვგრძნობდი შვებას.

„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

ამ პერიოდში დავიწყე მცენარეების შეგროვება. მქონდა ულამაზესი ბაღი, ვრგავდი ყვავილებს, მცენარეებს, ვუვლიდი მათ და ასე ვუმკლავდებოდი ყველაზე რთულ დღეებს. როცა ჩემს შვილებთან ჩავდიოდი გერმანიაში, იქიდან მომქონდა უამრავი თესლი, ბოლქვი და ჩემს ეზოში ვახარებდი. სწორედ ცოცხალი ყვავილების სიყვარულმა დამაწყებინა ყვავილების ხატვა. იმდენად გამიტაცა ბოტანიკურმა ფერწერამ, რომ გამადიდებელი შუშა მეჭირა ხელში, თითოეული ფოთლის აგებულებას ვაკვირდებოდი და ისე ვხატავდი. შემდეგ ზურა შევარდნაძემ გამიკეთა გამოფენა თავის „გარდენიაში“. შემიკვეთა 36 ნამუშევარი. ამ პროექტს ერქვა „ველური ხაზი“. გამოფენის დასრულების შემდეგ მთელი კოლექცია თვითონვე შეიძინა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ გამოფენას, ბევრმა ადამიანმა გამიცნო. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი. იმდენად სასიამოვნო და საინტერესოა ჩემთვის, დღემდე ვმუშაობ ბოტანიკურ ფერწერაში.

„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

- სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?

- არის გალერეები, რომელებიც ძალიან მეხმარებიან. მინდა გამოვყო „გალერეა 27“, რომელიც ბეთლემის ქუჩაზე, ისტორიულ შენობაში მდებარეობს. იქ ჩემი ძალიან ბევრი ნამუშევარია წარმოდგენილი. ზოგადად ძალიან გემოვნებიანი გალერეაა და საოცარი ნამუშევრები აქვთ. მიხარია, რომ მათ შორის არის ჩემი ნამუშევრებიც. ჩემი ნამუშევრები ასევე იყიდება შარდენზე, ნინი ცალქალამანიძესთან და სხვა გალერეებში.  

„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

- ძალიან მრავალფეროვანი შემოქმედება გაქვთ, ალბათ სულ სიახლეების ძიებაში ხართ?

- ვფიქრობ, ყველა მხატვარი ეძებს სიახლეებს. მეც ასე ვარ, სულ რაღაცას ვსწავლობ, ახლის ძიებაში ვარ და ეს ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის. ვხატავ ფაიფურზე, ამიტომ ძალიან მინდა კერამიკის შესწავლა. მინდა ვიყიდო ღუმელი და ყველაფერი მე თვითონ გავაკეთო.

„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

- საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყეთ?

- კი, უკვე დიდი ხანია, რაც საახალწლო სამზადისი დავიწყე. ძალიან მომწონს ბურთების მოხატვა. ერთი წუთით არ ვჩერდები, სულ ვმუშაობ. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როცა ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ. პირველი ის, რომ მე თვითონ ვიღებ სიამოვნებას, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხარია, როცა ბევრს მოსწონს და აღფრთოვანებულები არიან. მწერენ სულ უცხო ადამიანებიც კი და საოცარ შეფასებებს მაძლევენ. 

„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

- ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენ ცხოვრებაში ფერებს. რომელია თქვენთვის გამორჩეული ფერი?

- ძალიან მიყვარს ლურჯი, წითელი. თითქმის ყველა ნამუშევარში ფიგურირებს ეს ორ ფერი. ნარინჯისფერიც ძალიან მომწონს, თუმცა მთავარი მაინც ლურჯი და წითელია.

„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

- რას თვლით თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად?

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩემი შვილებია. დღეს ორივე გერმანიაში ცხოვრობს. უმცროსი შვილი ბერლინში არქიტექტორად მუშაობს. უფროსი იურისტია და ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტია. მათით ვცოცხლობ და ვხარობ.

„ხელნაკეთი ნივთების შექმნა მეუღლის დაღუპვის შემდეგ დავიწყე“ – ხელოვნებაში ნაპოვნი შვება

- პერსონალურ გამოფენაზე არ გიფიქრიათ?

- ძირითადად ჯგუფურ გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას. ძალიან მინდა პერსონალური გამოფენა. შიძლება ითქვას, რომ უკვე მზად ვარ ამისთვის, მაგრამ რატომღაც ვერ მოვაბი თავი. მომავალში ვნახოთ რა იქნება...