28 ნოემბერს, ხუთთვიანი შესვენების შემდეგ, პრაღაში ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი, რომელსაც ადრე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამჟამად კი სენატორის წოდებას ფლობს, და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მოლაპარაკების მორიგ რაუნდს გამართავენ.
მათი ბოლო შეხვედრა ივნისის მოვლენებამდე შედგა, რის შემდეგაც რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. „Sputnik–საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გრიგორი კარასინმა ისაუბრა თემებზე, რომლებსაც პრაღაში განიხილავენ. მან განმარტა ასევე, რატომ მიაჩნია დიპლომატიური საქმიანობა ყველაზე საინტერესოდ.
— მაშინ, როცა ბევრი მსჯელობდა იმაზე, თუ ვინ შეგცვლიდათ ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებებზე და როგორ წარიმართებოდა პრაღის ფორმატის ბედი, რუსეთის მხარემ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორ მიიღეთ შემოთავაზება, გაგეგრძელებინათ ამ მიმართულების კურირება?
— პირდაპირ გეტყვით, რუსეთის ხელმძღვანელობის დავალება პოზიტიურად მივიღე, ვინაიდან ამ მიმართულებით შვიდი წლის განმავლობაში უზარმაზარი ერთობლივი ძალისხმევა დაიხარჯა. ზურაბ აბაშიძესთან ერთად ვეძებდით გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტულ შედეგებს მოიტანდა.
ჩვენი ამოცანაა – ურთიერთობების გაღრმავება იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია არსებული პრინციპული პოლიტიკური წინააღმდეგობის მიუხედავად. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, ეს საქმე კი უაღრესად მნიშვნელოვანია, შესაბამისი დავალებები გაიცა 2012 წელს საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ. შესრულებულმა სამუშაომ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. მიმდინარე წლის სექტემბერში ჩემი სტატუსის ცვლილებამ კი, ჩემი აზრით, გარკვეულწილად გააფართოვა კიდეც დისკუსიების ჰორიზონტი, რადგან ფორმატი თავიდანვე იყო არაოფიციალური, არაფორმალური. ასე რომ, მუშაობას გავაგრძელებთ იმავე მიმართულებებით, რომლებსაც ადრე ვიხილავდით.
— რა საკითხები იქნება 28 ნოემბრის დღის წესრიგში? განიხილება თუ არა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების თემა?
— განსახილველ საკითხთა შორის, უპირველეს ყოვლისა, არის სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროში არსებული ურთიერთობა, ტრანსპორტის სფეროში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხები, მათ შორის, სპორტული კავშირებიც. გაჩნდა გარკვეული იდეები ჩვენი სპორტული ფედერაციებისა და გუნდებისგან... განვიხილავთ.
მოლაპარაკების მონაწილეთა შემადგენლობა ძველებური იქნება – ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. ასე რომ, ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რათა დავადასტუროთ ურთიერთმზადყოფნა, გავავითაროთ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები, ვიაროთ წინ და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს.
რაც შეეხება რთულ საკითხებს: კონტაქტები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხაზით შედგა. აღვნიშნავ – ეს თემა განეკუთვნება ჟენევის დისკუსიების სფეროს, რომლის თანათავმჯდომარეები რეგიონში ჩადიან ხოლმე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე მოგვარდება.
— თქვენ განაცხადეთ, რომ იბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობისთვის. შეიძლება თუ არა დღეს ერთმნიშვნელოვნად საუბარი რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმებაზე, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება წლის ბოლომდე?
— ვფიქრობ, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. ავიამიმოსვლის აღსადგენად დაგვჭირდება დამატებითი ერთობლივი მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ატმოსფეროს გაჯანსაღებას, პროვოკაციული ანტირუსული განცხადებების შეწყვეტას, რითიც ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა გამოიჩინა თავი. მოკლედ, განვიხილავთ ამ საკითხებს, მათ შორის, ავიამიმოსვლის განახლების თემას, მაგრამ როდის მოხდება ეს, რთული სათქმელია.
— შვიდი წლის განმავლობაში მოხერხდა დადებითი შედეგების მიღწევა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში. როგორ გესახებათ კარასინი–აბაშიძის ფორმატის მომავალი, შეიძლება ის შეიცვალოს?
— ფორმატი ჯერ უცვლელი რჩება, მაგრამ მისი კანონიზება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. თუ საზოგადო მოღვაწეების, პარლამენტარების მოზიდვის აუცილებლობა გაჩნდება, ჩვენ შეგვიძლია ამაზე წასვლა, მაგრამ მთავარი საფრთხეა, არ მოხდეს ამ ფორმატის პოლიტიზება, მან ორმხრივი ურთიერთობების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაჭრას. ჯერჯერობით ეს გამოგვდის, შემდეგ მოვიფიქრებთ.
— ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდეთ, უარი ეთქვათ ორ მოედანზე თამაშზე. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის განცხადებებიდან გამომდინარე, კურსი ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ არ შეიცვლება. ასეთ ვითარებაში რის ხარჯზე შეიძლება ურთიერთობებში ბალანსის მიღწევა?
— ჩვენი ფორმატის წინაშე კონკრეტული ამოცანაა, ამიტომ აუცილებელია ურთიერთპატივისცემა, მოსმენისა და გაგონების უნარი როგორც საერთაშორისო, ისე ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების რთულ პირობებში. ჩვენ ვსწავლობთ ამას და იქ, სადაც ერთმანეთს ყურადღებით ვუსმენთ, რაღაც გამოგვდის, რაც კეთილმეზობლური განწყობის, ორ ხალხს შორის პატივისცემის გაღვივებას უწყობს ხელს.
— რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა აღდგება. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით?
— ამის მჯერა, ისევე, როგორც სერგეი ლავროვს. ეს დღეები არც ისე შორსაა. უკვე ითქვა, რომ ამ პროცესს ზედმეტი ემოციურობა, მოუფიქრებელი უხეში განცხადებები აზიანებს. თუ მომავალში მსგავს ვნებათაღელვას თავიდან ავიცილებთ, კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ უფრო სწრაფი ტემპით ვიმოძრავებთ. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ.
— თითქმის ნახევარი საუკუნეა, დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობთ. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ არ არსებობს დიპლომატიაზე უფრო საინტერესო პროფესია. რომელი პერიოდი იყო ყველაზე რთული და რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
— ჯერ ერთი, კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომატიური სამსახური – ღირსეული არჩევანია მოაზროვნე, ინტელექტუალურად მომზადებული ადამიანებისთვის. ესაა შემოქმედებითი სპეციალობა, სადაც ყოველდღე ახალი გამოწვევები გელოდება. ყველაზე რთულია ამოცანა, რომელიც დღეს უნდა გადაჭრა. კარიერის ყველაზე საინტერესო პერიოდად კი მივიჩნევ ბოლო 15 წელიწადს, როდესაც პოსტსაბჭოური სივრცის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობას ვკურირებდი. ეს მართლაც ცოცხალი ისტორიაა, რომელსაც თავად ვქმნით, მთელი თავისი მიღწევებით, დრამებითა და ტრაგედიებით. ამ საქმეში წარმატება შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის, სენატორის უფლებამოსილება ასევე უკავშირდება ცოცხალ პოლიტიკას და აქტიური მოღვაწეობის შესაძლებლობას იძლევა.
ხოლო ის, რომ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ შეხვედრებს ზურაბ აბაშიძესთან, საქმის ამ ნაწილს კიდევ უფრო საინტერესოს და საპასუხისმგებლოს ხდის. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და კარგად გვესმის ერთმანეთის. მთავარია – ოპტიმალური ალგორითმის მოძებნა, მიზნების განსაზღვრა და დაუზარელი შრომა.
თქვენს მკითხველს ვუსურვებ მიმდინარე წლის კარგად დასრულებას, ახალი წლის აღნიშვნას და ჰორიზონტების ახლებურად დანახვას.
— წელს ფართოდ აღნიშნავენ ევგენი პრიმაკოვის იუბილეს. როგორია თქვენს მეხსიერებაში ევგენი მაქსიმოვიჩი?
— ევგენი პრიმაკოვი ჩემი თაობის დიპლომატებისთვის იყო მასწავლებელი და დახვეწილი პოლიტიკოსი იუმორის შესანიშნავი გრძნობით. იგი თბილისში გაიზარდა, ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში. 14-მეტრიან ოთახს ხელი არ შეუშლია მისი მსოფლმხედველობისა და ადამიანებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის. ზოგჯერ ამბობდა, რომ ჩვენ თეორიულად შეგვეძლო ვყოფილიყავით მისი შვილები ასაკის სხვაობის გამო, მაგრამ არასდროს უცდია ავტორიტეტით ჩვენზე ზეწოლა, ყოველთვის არგუმენტირებულად, რბილად გვიმტკიცებდა. ერთი სიტყვით, ფიქრს გვასწავლიდა. და გარკვეულწილად წარმატებასაც მიაღწია.
ამას წინათ, ევგენი მაქსიმოვიჩის 90 წლის იუბილეს აღნიშვნისას მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასწვრივ მისი ძეგლი გაიხსნა. ასე რომ, ამიერიდან ევგენი მაქსიმოვიჩი და მისი საქმეები უკვდავყოფილია.