შოთა დიღმელაშვილი: პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას

მოძრაობა „სირცხვილია“ და ოპოზიცია პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის წინ აპირებს
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. მოძრაობა „სირცხვილია“  საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებას ამ საღამოს არ გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაგიჟდა“ - ნინო ბურჯანაძე „გირჩის“ ინიციატივაზე >>

დღეს, გამთენიისას მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს, წყლის ჭავლი გამოიყენეს, შემდეგ ისინი სპეცრაზმმა ტერიტორიიდან განდევნა. ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ გააგრძელებს შესასვლელების ბლოკირებას, რათა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა ნორმალური მუშაობა ვერ შეძლონ.

„პლენარული სხდომა, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, შესაბამისად პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას. ახლა უნდა დავგეგმოთ, გავაგრძელოთ ბრძოლა, აქციის ჯგუფების მეშვეობით ლოკალური აქტივობები გავაკეთოთ. არ დავაგდოთ დუღილის ტემპერატურა, რადგან არ შეიძლება, მშვიდად ვუყუროთ, როგორ იტაცებს ხელისუფლება სახელმწიფოს“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.
ისეთი კუნტრუშით გარბოდა ერთ-ერთი დეპუტატი, ეტყობა, ბავშვობაში სპორტით იყო დაკავებული

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის ჩატარების წინ მოახდენს.

„შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო. შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ ჩაატარონ ხუთშაბათს. ამ შემთხვევაში ხუთშაბათს იქნება პიკეტირება. თუ პარასკევს ჩაატარებენ, პარასკევს იქნება პიკეტირება. თუ მომავალ კვირას ჩაატარებენ, მაშინ იქნება პიკეტირება. მუდმივად შევუქმნით დისკომფორტს ხელისუფლებას, ვიდრე არ შეასრულებენ დანაპირებს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ორშაბათიდან გადაწყვიტა, რათა სამშაბათს ხელი შეშლოდათ დეპუტატებს მმართველი პარტიიდან პლენარული სხდომის ჩატარებაში.

აქცია გრძელდება – ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს >>

საპროტესტო ტალღა თბილისში 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კონსტიტუციაში შესწორებები ჩააგდო, რომელიც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.

რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ვითარებას, იქ გაშლილია კარვები და აქტივისტების ნაწილი ღამეს იქ ათენებს. მათი თქმით, საპროტესტო აქცია მანამ არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.