წინაპართა ნაკვალევზე: ბიჭი, რომელმაც დიდი ბებიის დანატოვარი მე-18 საუკუნის მარანი აღადგინა

წლების წინ პატარა ოთო პაპას კალთაზე გამოკერებული დაჰყავდა ვენახში და ვაზის მოვლას, სიყვარულს ასწავლიდა. დღეს პაპა ცოცხალი აღარ არის. 19 წლის სტუდენტმა კი გადაწყვიტა ოჯახურ ტრადიციას არ უღალატოს, პაპის ნაკვალევს გაჰყვეს და მეღვინეობას მიჰყოს ხელი.
Sputnik

გასულ წელს ოთო მენაბდიშვილმა სოფელ ხაშმში მე-18 საუკუნით დათარიღებული, დიდი ბებიის მიერ დანატოვარი მარანი აღადგინა, სადაც უძველეს ქვევრებში ღვინოს აყენებს. უკვე ხუთი თვეა მარანი როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს და უნიკალური ხაშმის საფერავით უმასპინძლდება.

- 19 წლის ვარ, ვცხოვრობ თბილისში. ღია უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მთელი ბავშვობა ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, თუმცა ტრავმის გამო თამაშს თავი დავანებე. მთელი ჩემი ბავშვობა სოფელს უკავშირდებოდა. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით ბებია-პაპასთან, ვეხმარებოდით სოფლის საქმეებში. მთელ ზაფხულს იქ ვატარებდით. უკვე 13 წლის ასაკში უშუალო შეხება მქონდა ვენახთან, ვაზთან.

წინაპართა ნაკვალევზე: ბიჭი, რომელმაც დიდი ბებიის დანატოვარი მე-18 საუკუნის მარანი აღადგინა

- ვინ შეგაყვარათ ვაზი, ვინ ითამაშა ამაში დიდი როლი?

- ვენახი და შრომა პაპამ შემაყვარა. ძალიან მშრომელი ადამიანი იყო. ჩემი დიდი პაპაც ძალიან კარგი მეღვინე იყო. 2014 წელს გარდაიცვალა. ისეთი სიყვარულით უვლიდა ხოლმე ვენახს, სულ ინტერესით ვაკვირდებოდი. ჩემი პაპაც მასავით მშრომელი იყო. მთელი ცხოვრება მიწაზე მუშაობას და ვაზს შეალია. საკმაოდ დიდი ვენახები გვქონდა, მაგრამ გაჭირვების დროს, როცა ქვეყანაში ყველაფერი აირია, იძულებული გახდა გარკვეული ნაწილი გაეყიდა. დღეს რაც მე დამრჩა, არის ერთი ვენახი, რომელიც 3 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, და ცარიელი მიწის ნაკვეთი, სადაც ვგეგმავ ვაზის გაშენებას. პაპა ორი წლის წინ გარდაიცვალა. მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე.

წინაპართა ნაკვალევზე: ბიჭი, რომელმაც დიდი ბებიის დანატოვარი მე-18 საუკუნის მარანი აღადგინა

- სულ ახლახან აღადგინეთ მამაპაპისეული მარანი, რატომ გაგიჩნდათ მისი აღდგენის იდეა?

- ეს მარანი არის მე-18 საუკუნის, რომელიც ეკუთვნოდა ჩემს დიდ ბებიას, რომლის მამაც იყო თავადი ჩოლოყაშვილი. საბჭოთა კავშირის დროს, როცა კოოპერატივები შეიქმნა, ამ მარანში იწურებოდა მთლიანი სოფლის მოსავალი. ერთი წლის წინ გადავწყვიტე ჩამეტარებინა რესტავრაცია და წელს დამთავრდა მისი აღდგენა. ჯერ მხოლოდ ხუთი თვეა, რაც მარანი ფუნქციონირებს და უკვე ძალიან ბევრი სტუმარი მივიღეთ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გვყავდა ტურისტები. ვუმასპინძლეთ ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. მაქვს ჩემი დაყენებული ხაშმის საფერავი, რომელიც თავისი თვისებებიდან გამომდინარე უნიკალურია და ძალიან მოსწონთ.

წინაპართა ნაკვალევზე: ბიჭი, რომელმაც დიდი ბებიის დანატოვარი მე-18 საუკუნის მარანი აღადგინა

- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ?

- უმეტესი ნაწილი არის საფერავი. მაქვს ასევე რქაწითელიც. როგორც გითხარით, კიდევ ერთი ვენახის გაშენებას ვაპირებ და იქ სულ საფერავი იქნება.

- სად ინახავთ ღვინოს?

- ღვინოს ქვევრში ვინახავ. მარანში არის სულ ცხრა ქვევრი. აქედან ოთხი არის პატარა და დანარჩენი ხუთი არის ხუთტონიანი. მე იმხელა მოსავალი არ მაქვს ჯერჯერობით, რომ დიდ ქვევრებში ჩავასხა, ამიტომ ვწურავ შედარებით პატარა ქვევრებში.

წინაპართა ნაკვალევზე: ბიჭი, რომელმაც დიდი ბებიის დანატოვარი მე-18 საუკუნის მარანი აღადგინა

- რა თვისებებით გამოირჩევა ქვევრში დაყენებული ღვინო?

- ღვინო, რომელიც ქვევრში ინახება, არის ცოცხალი. მასში ბუნებრივად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ქარხნულ წარმოებაში სპეციალური დანადგარები და დანამატები სჭირდება.

ჩემი ღვინო ასევე ჩამოვასხი ბოთლში. სულ მალე რამდენიმე მაღაზიაში შევიტან. ნელ-ნელა ვფართოვდები და ვფიქრობ ახლო მომავალში ექსპორტზეც გავიტანო.

წინაპართა ნაკვალევზე: ბიჭი, რომელმაც დიდი ბებიის დანატოვარი მე-18 საუკუნის მარანი აღადგინა

- არ არის მარტივი იყო მეღვინე, გეგმავთ ამ კუთხით განათლების გაღრმავებას, ცოდნის ამაღლებას?

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვგეგმავ ესპანეთში გამგზავრებას და მაგისტრატურის გავლას მეღვინეობის განხრით.

- პაპას რომ ენახა ეს მარანი, რას გეტყოდათ?

- ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია. დარწმუნებული ვარ, გაუხარდებოდა, იამაყებდა, მაგრამ რას მეტყოდა, არ ვიცი. ეს მეც ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით მოვისმენდი მის შეფასებას...