„საბავშვო ევროვიზიაზე“ ზედიზედ მეორედ პოლონეთმა გაიმარჯვა

გამარჯვებულმა, 12 წლის გოგონამ, შეასრულა სიმღერა Superhero, რომელმაც როგორც სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი, ისე ჟიური დაიპყრო
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. პოლონეთის წარმომადგენელმა ვიკი გაბორმა გაიმარჯვა სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია - 2019“, რომელიც პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გაიმართა.

ტელემაყურებელთა და პროფესიული ჟიურის წევრების კენჭისყრის შედეგებით, „ევროვიზია-2019“-ის გამარჯვებულად დასახელდა ვიკი გაბორი. 12 წლის გოგონამ შეასრულა სიმღერა Superhero. ამგვარად, პოლონეთი ზედიზედ მეორედ „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული გახდა.

შარშან კონკურსზე პოლონეთის წარმომადგენელმა როქსანა ვეგელმა გაიმარჯვა.

„საბავშვო ევროვიზიის“ ბოლო წუთები ამაღელვებელი იყო, რადგან ჟიურისა და მაყურებლის ფავორიტები იყვნენ პოლონეთი და ყაზახეთი, თუმცა მცირე სხვაობით პოლონელმა მომღერალმა გაიმარჯვა.

საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს" (We need Love) მე-14 ადგილი დაიკავა.

შოუში გამარჯვებისთვის 19 ქვეყნის ახალგაზრდა კონკურსანტი იბრძოდა.