ბიძინა ივანიშვილსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის „ჯენტლმენური“ შეთანხმება შედგა

დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საარჩევნო საკითხზე შეთანხმება შედგა
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ჩვენ პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით, განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან მაჟორიტარების შეხვედრის შემდეგ.

„თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაგიჟდა“ - ნინო ბურჯანაძე „გირჩის“ ინიციატივაზე

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. მმართველი პარტია შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. საარჩევნო რეფორმის ინიციატივას მაშინ მხარი მმართველი პარტიიდან 93-მა დეპუტატმა დაუჭირა. 14 ნოემბერს გაირკვა, რომ ცვლილებების წინააღმდეგ დაახლოებით 30 მაჟორიტარი გამოვიდა. ამის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო.

საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საათნახევრიანი შეხვედრა დღეს, მმართველი პარტიის ოფისში შედგა. დიმიტრი ხუნაძის თქმით, შეხვედრა იყო პროდუქტიული და მათ შთანხმებას მიაღწიეს. თუმცა მან კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს შეთანხმება უნდა იქნას კიდევ ერთხელ განხილული უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს. სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით, რა კონკრეტული შეთანხმება იყო. ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, უკავშირდება საარჩევნო სისტემას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„გირჩი“: ძალოვანი უწყებები არ უნდა აღმოჩნდეს „ნაცმოძრაობის“ ხელში

შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ ასევე ისაუბრა უმრავლესობის დეპუტატმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა, ირაკლი შიოლაშვილმა.

„იყო შეხვედრა და შევთანხმდით საკითხებზე. ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გამოვა ეს საკითხი და ამის შემდეგ გაკეთდება დამატებითი განცხადებები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა აკაკი ზოიძე. განსახილველი საკითხი იყო საარჩევნო სისტემა. თქვენ ცდილობთ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე არ გაიმართება უმრავლესობის სხდომა“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებით, უმრავლესობის სხდომა ხვალ 10:00 საათზე შედგება.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ზურაბიშვილი: „დაპირისპირების დრო არ არის...“ >>

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი 2020 წლის არჩევნების მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარების იდეით გამოვიდნენ. მათ თავიანთი თანაპარტიელების მხარდაჭერაც ვერ მიიღეს და ამიტომ ცვლილებების ინიცირებისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.