პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისთვის მთავარი ფასეულობები დაასახელა

„ერთიანი რუსეთი“ შაბათს მოსკოვში მართავს თავის მე-19 ყრილობას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრო. ყრილობაზე პარტიამ 2021 წლის საარჩევნო კამპანიას სტარტი მისცა
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ერთობა და ერთიანობა - ეს ის ფასეულობებია, რომლებიც უნდა აერთიანებდეს რუსეთის მოსახლეობას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში „ერთიანი რუსეთის" ყრილობის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

პუტინმა აზერბაიჯანის პირველი ლედი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა >>

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, იდეოლოგიური მრავალფეროვნების მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს ხალხს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.

„ეს არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია: ეს არის რუსეთის სუვერენიტეტი, მისი ეროვნული ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ადამიანების კეთილდღეობა და პიროვნების თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობები. ეს არის ხალხის შენარჩუნება, დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტი, ოჯახები და მრავალშვილიანი ოჯახები. და, რა თქმა უნდა, ეს არის სამოქალაქო მშვიდობა და ერთაშორისი თანხმობა, ჩვენი მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ხალხის ერთიანობა და ერთობა“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის სტატუსი არის არა მმართველობა, არამედ მსახურება რუსეთის ხალხის სასარგებლოდ.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისთვის მთავარი ფასეულობები დაასახელა

„ლიდერი არის ის, ვინც აძლევს მაგალითს, ვისაც მიჰყვებიან ადამიანები, ვინც საკუთარი თავისგან სხვებთან შედარებით უფრო მეტს მოითხოვს. მმართველი პარტიის, ძალაუფლების მქონე პარტიის სტატუსი არ ნიშნავს მმართველობას, არამედ მსახურებას, რუსეთის ხალხის მსახურებას“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ მსახურების არსი არის რუსეთის მოქალაქეების, იმ ბავშვების მომავლის უზრუნველყოფა, რომლებიც უკვე დაიბადნენ და  დაიბადებიან მომავალში.

ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლებს სთხოვა, ყურადღება გაამახვილონ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების რეალიზაციაზე და ყველა ნაციონალურ პროექტზე თვალსაჩინო შედეგის მიღწევაზე.