თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს.
უწყებამ უკვე მოამზადა შესაბამისი პროექტი, რომელიც ექსპორტზე გასაყვანად მსხვილფეხა ახალგაზრდა პირუტყვის წონის 140 კილოგრამიდან მინიმუმ 200 კილომდე გაზრდას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტს განსახილველად წლის ბოლოსთვის წარმოადგენს.
„ჩვენ უკვე მრავალი თვეა ვამბობთ, რომ საქართველოში ხორცის დეფიციტია. სასაკლაოები ჩივიან, რომ მათ სულ უფრო და უფრო უჭირთ პირუტყვის შოვნა დასაკლავად და ეს არის სწორედ მისი გამოძახილი სტატისტიკაში. რამდენიმე ფაქტორია, რამაც ეს გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ექსპორტის მაჩვენებელი, როდესაც უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში ქვეყნიდან დაახლოებით 500 ათასი რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს საზღვარგარეთ გასაყიდად. ბუნებრივია, სწორედ ამან შეამცირა საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა", – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა პირველი არხის ეთერში.
ხორცისა და ხორცპროდუქტების, ასევე რძისა და რძის ნაწარმის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ხანიშვილი სწორედ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოს მეცხოველეობის განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და საჭიროა გაიზარდოს უფრო მაღალპროდუქტიული უცხოური ჯიშის პირუტყვის გამრავლება, ასევე ფერმერული მეურნეობების განვითარება.
სექტემბრის ორი „რეკორდი“, ანუ რატომ ძვირდება ცხოვრება?>>
ხანიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს საქართველოში მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაახლოებით 1 ათასი სული იყო, ახლა კი ეს რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა.
„თუ ადგილობრივი ჯიშის საქონელი სამ, ოთხ ან ხუთ ლიტრ რძეს იწველება, გაცილებით მეტს იძლევა სხვა ჯიშის პირუტყვი. ამიტომ, ბუნებრივია, ოჯახებს უკვე ურჩევნიათ სამი და ოთხი სულის ნაცვლად შეინახონ ერთი სული საქონელი და მიიღონ იგივე სარგებელი", – აღნიშნა ხანიშვილმა.
საქართველო ინდივიდუალური შიდა მეურნეობებიდან თანდათანობით უნდა გადავიდეს მსხვილ პროდუქტიულ ფერმებზე, რაც უზრუნველყოფს ხარისხობრივ, საფასო და სხვა სტაბილური ელემენტების გაჩენას და ბაზარზე შესაბამისი პროდუქციის მიწოდებას, მიიჩნევს ხანიშვილი.
მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ეს სეგმენტი 2-3 წელიწადში დაიძლევა და ქართველი მეცხოველეები ბაზარს მაღალხარისხიან რძეს და ხორცს ადეკვატურ ფასებში მიაწვდიან.
მეცხოველეობის სტატისტიკა საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, მესამე კვარტლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 902,1 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,1%-ით ნაკლებია.
წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ერთ წელიწადში 7,3%-ით შემცირდა და 2019 წლის 30 სექტემბრისთვის 813,6 ათასი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ ამავე პერიოდისთვის 225,4 ათასი სული (-8,8%) შეადგინა, ფრინველის – 9,1 მილიონი ფრთა (-3,7%).
ხორცის წარმოება მესამე კვარტალში, წლიური მაჩვენებლით, 3,3%-ით შემცირდა – 14,5 ათას ტონამდე, რძის – 4,8%-ით 160,3 მილიონ ლიტრამდე, კვერცხის – 5,1%-ით 146,2 მილიონ ცალამდე.