კამპანია „დააბოქლომე“: სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი გაათავისუფლეს

17 ნოემბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტებმა სახელმწიფო დაწესებულებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადება და პიკეტირება დაიწყეს.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში მიმდინარე აქციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

არეულობა სუს-ის შენობასთან: სამართალდამცველებმა შალვა ნათელაშვილის შვილი დააკავეს

თბილისში, სუს-ის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დღეს დააკავეს. დაკავებულებს შორის „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები იყვენენ. დაკავებული იყო  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილიც.

აქციის მონაწილეები სუს-ის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხების მიღებას ითხოვდნენ.

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. აქციები მას მერე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

17 ნოემბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტებმა სახელმწიფო დაწესებულებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადება და პიკეტირება დაიწყეს. 17 ნოემბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით დაშალეს. „დაბოქლომების" მცდელობები, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ბიუროების კარებზე, დღემდე გრძელდება.