თბილისში ელდარ გეწაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

ელდარ გეწაძე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბარიტონია, რომელმაც არაერთი წარმატებული შემსრულებელი აღზარდა.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გამოჩენილი ბარიტონის, საქართველოს სახალხო არტისტის, საოპერო მომღერლის ელდარ გეწაძის ვარსკვლავი ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობის წინ კვირას, 24 ნოემბერს გაიხსნება, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

ვარსკვლავის გახსნას თეატრში გალა-კონცერტს მიუძღვნიან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თავად ელდარ გეწაძე, ისე მისი მოსწავლეები საქართველოდან და საზღვარგარეთიდან.

საოპერო მომღერალი შალვა მუქერია თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ტენორად დაასახელეს

საღამოს პროგრამაშია არიები სერგეი რახმანინოვის, ოთარ თაქთაქიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯუზეპე ვერდის, ჯოაკინო როსინის, ჯაკომო პუჩინისა და უმბერტო ჯორდანოს ოპერებიდან.

ელდარ გეწაძე დიდად ნიჭიერი მომღერალია. მის რეპერტუარშია 45 საოპერო პარტია, აქედან 9 – ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან.

ელდარ გეწაძემ თბილისის ოპერის თეატრში მოღვაწეობა 1970-იანი წლებიდან დაიწყო. მას შემდეგ მან თბილისის სცენაზე შეასრულა ბარიტონისთვის დაწერილი ყველა პარტია, გამართა უამრავი კონცერტი საქართველოში და უცხოეთში. არის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ფონდის ოქროს მედლის მფლობელი, გლინკასა და ფალიაშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსების ლაურეატი. მან არაერთი წარმატებული მომღერალი აღზარდა.

30 წელი მსოფლიო სცენაზე: ოპერის ვარსკვლავი ლადო ათანელი კონცერტისთვის ემზადება>>

ელდარ გეწაძე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 1997 წლიდან.