თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ანკარა არ აპირებს გადახედოს რუსეთთან გაფორმებულ კონტრაქტს სარაკეტო კომპლექს С-400-ის შესყიდვებთან დაკავშირებით, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, იუწყება სააგენტო Anadolu.
მინისტრის თქმით, С-400-ების თურქეთის ტერიტორიაზე განთავსებისა და სამხედრო სპეციალისტების მომზადების პროცესი გრძელდება.
„ეს კომპლექსები საბრძოლო პოზიციებზე გამოვა. ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დაე, არავის შეეპაროს ამაში ეჭვი“, — აღნიშნა აკარმა.
მინისტრის თქმით, გარდა ამისა, თურქეთი ამუშავებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ის და ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებლების F-35-ის ურთიერთქმედების საკითხსაც.
როგორც ჰულუსი აკარი ირწმუნება, თურქეთი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და გადაწყვეტილებების მიღებისას სხვა ქვეყნების პოზიციებს არ ითვალისწინებს.
„ჩვენ ვამუშავებთ F-35-ის და С-400-ის თავსებადობის საკითხს. იმედი მაქვს, რომ ეს ძალისხმევა დადებით შედეგებს მოიტანს. ანკარა არ იტყვის უარს ერთზე მეორის სასარგებლოდ. თუ რუსული კომპლექსები F-35-ის პარალელურად ვერ იმუშავებს, ჩვენ მოქმედების მაქსიმალურად მოხერხებულ ფორმას მოვძებნით“, — ციტირებს სააგენტო Anadolu მინისტრს.
რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო. თურქეთში აცხადებდნენ, რომ С-400-ის სისტემები 2020 წლის აპრილიდან ამოქმედდებოდა. ვაშინგტონი ითხოვს გარიგებაზე უარის თქმას და თურქეთს მათ სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის შეძენას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების შეჩერებით, ასევე სანქციების დაწესებით იმუქრება. ანკარამ დათმობაზე უარი განაცხადა.