ვარდებიდან ბოქლომებამდე – ვიცე-პრემიერმა სააკაშვილის თანამოაზრეები გააკრიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომლის დროსაც მომიტინგეები სახელმწიფო დაწესებულებების კარებზე ბოქლომებს ადებენ.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაკოტრებული უწოდა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც 2003 წელს ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციით" მოვიდა, ახლა კი, როდესაც ოპოზიციაშია, „ბოქლომების ომი" გამოაცხადა.

გახარია: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე>>

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც უკვე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

„როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ამაზე ჩვენ ბევრი დრო არ უნდა დავხარჯოთ, არც პოლიტიკოსებმა, არც საჯარო მოხელეებმა. ჩვენ ქვეყანა მისაყვანი გვყავს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში 2020 წლის არჩევნებამდე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა მომზადებული შეხვდება", – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მან მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების შერეულ სისტემას, რომელშიც არიან როგორც მაჟორიტარი დეპუტატები, ისე პარტიული სიით არჩეულები.

პროტესტის ერთი კვირა თბილისში – რა იქნება შემდეგ?

„ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს", – განაცხადა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ არჩევნების ძველი, შერეული სისტემით ჩატარება „არის იმის გარანტია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა".

მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება იმ პოლიტიკოსებით, რომლებიც „მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან".

მომიტინგე ოპოზიციამ და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ წინა კვირაში გამოუცხადეს ხელისუფლებას „ბოქლომების ომი". მათ თავდაპირველად პარლამენტის ეზოში ჭიშკარი ჩაკეტეს, შემდეგ „ნაცმოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომათა დარბაზს დაადო ბოქლომი.

„გასაღები ხალხს" – ოპოზიციამ საქართველოს პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადო>>

გუშინ ჯერი პროკურატურის ჭიშკარზე მიდგა, დღეს კი – მთავრობისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრზე. თუმცა, ამ ორ ადგილზე ბოქლომების დადების უფლება მომიტინგეებს პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ მათ ჯაჭვები და ბოქლომები ამ შენობების შოარიახლოს ჩამოკიდეს.

ერთობლივი საპროტესტო აქციები ოცზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ შეათანხმა.