ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერი გახდება

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრეს-სპიკერის პოზიცია გაჩნდება.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში პრეს-სპიკერის თანამდებობა გაჩნდა, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

აქამდე ჩიქოვანი პრემიერ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო საერთაშორისო საკითხებში.

პრემიერმა თბილისში აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

„ეს გახლავთ ახალი პოზიცია, რაც ხელს შეუწყობს მთავრობის ადმინისტრაციას, ჩვენს მოქალაქეებსა და მედიას შორის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას", – აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი ჩიქოვანი 1980 წლის 28 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001-2004 წლებში ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იყო იურისტ-კონსულტანტი და განყოფილების უფროსი.

2004-2005 წლებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში დეპარტამენტის დირექტორი.

2005-2009 წლებში ჩიქოვანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა.

2012-2016 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი პარტია "თავისუფალი დემოკრატებიდან", რომელიც იმ პერიოდში მმართველ კოალიციაში შედიოდა.