ბაგა-ბაღებს ცხენის ხორცით ამარაგებენ - დაკავებულია კომპანიის დირექტორი

ბრალდებულმა ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით სამტრედიისა და სოფელ დიდი ჯიხაიშის საბავშვო ბაგა-ბაღებს ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით ცხენის ხორციც მიაწოდა
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულ პირს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რას ვჭამთ: ბათუმის ბაზრიდან 98 კგ ფრინველის ხორცი ამოიღეს

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ელენიკოს" დირექტორ ნ. მ.-ს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.

უწყების ცნობით, 2018 წლის ოქტომბერში ბრალდებულმა ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიისა და სოფელ დიდი ჯიხაიშის საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით ცხენის ხორციც მიაწოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის  210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) დაიწყო. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.