თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ტესტ-მატჩი ხორვატიის ნაკრებთან წააგო ანგარიშით 1:2. შეხვედრა ხორვატიის ქალაქ პულში გაიმართა.
ხორვატები პირველივე წუთებიდან აქტიურები იყვნენ და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ანგარიში მე-16 წუთზე კონტრშეტევისას ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს – გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.
ხორვატებმა ანგარიში ხუთ წუთში გაათანაბრეს – გურამ კაშიამ მეტოქის მიერ დარტყმული ბურთი საკუთარ კარში გადაამისამართა. შედეგად შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 1:1.
მეორე ტაიმი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. 58-ე წუთზე ივან პერიშიჩმა თავური დარტყმით გოლი გაიტანა და თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გასული მატჩი მიმდინარე წელს საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო იყო. საქართველოს ნაკრები 2020 წელს დაიწყებს უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას, სადაც EURO-2020-ზე საგზურები გათამაშდება.