საქართველოში ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 381 ფაქტი დაფიქსირდა

ყველაზე მეტი საგადასახადო სამართალდარღვევა საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 11-17 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 381 ფაქტი გამოავლინა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა 3555 გადამხდელი შეამოწმეს.

ყალბი Massimo Dutti! თბილისში 23 ათასი ლარის სამოსი ამოიღეს

კონტროლის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები: 

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 90 შემთხვევა;

ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 18 ფაქტი;

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 273 შემთხვევა.

საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პირს საგადასახადო სანქცია ეკისრება. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.