რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენების აკრძალვით მიღებული ზარალი დაითვალეს

ექვსიდან სამი ავიაკომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც საქართველოში ფრენებს ასრულებდნენ, განაცხადეს, რომ ისინი არ ელოდებიან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზარალის დაპირებულ კომპენსაციას.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენების აკრძალვით მიღებული ზარალი ჯამში 3,2 მილიარდ რუბლად (50 მლნ აშშ დოლარი) შეაფასეს, იუწყება РИА Новости გაზეთ „ვედომოსტიზე“ დაყრდნობით.

თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და საპროტესტო აქციების შემდეგ მოსკოვმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო: საქართველოში ფრენების აკრძალვა ფორსმაჟორი იყო

ორი ავიაკომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან ერთად თათბირებში მონაწილეობდნენ, გამოცემას განუცხადეს, რომ ექვსმა ავიაკომპანიამ უწყებას მიაწოდა მათი ფინანსური ზარალის გათვლები. მათი თქმით, ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს „ურალის ავიახაზებს“ – 1,2-1,3 მილიარდი რუბლი (18,7-20,3 მლნ დოლარი).

უმსხვილესმა რუსულმა ავიაკომპანიებმა „აეროფლოტმა“ და S7-მა თითოეულმა დაახლოებით 700 მილიონი რუბლი დაკარგა (10,9 მლნ დოლარი), ლოუკოსტერმა „პობედამ“ – დაახლოებით 400 მილიონი რუბლი (6,3 მლნ დოლარი), Red Wings-მა – დაახლოებით 120 მილიონი რუბლი (1,9 მლნ დოლარი), Smartavia-მ (ავიაკომპანია „ნორდავიას“ ახალმა ბრენდმა) – თითქმის 100 მილიონი რუბლი (1,6 მლნ დოლარი).

სამი ავიაკომპანიის თანამშრომლებმა „ვედომოსტის“ განუცხადეს, რომ კომპენსაციის მიღების იმედი არ აქვთ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ფრენების აკრძალვით მიღებული მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი ზარალის ანაზღაურების მომხრეა, ორი ავიაკომპანიის თანამშრომლების თქმით კი, საქართველოში დაგეგმილი რეისების არშესრულებას პირდაპირი ზარალი არ გამოუწვევია, ხოლო ავიაკომპანიების გათვლები ზაფხულის სეზონზე მიუღებელ შემოსავლებს ეყრდნობა.

ვინ ლიდერობს ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე – კომპანიების ტოპ-ხუთეული

ამასთან, ორი ავიაკომპანიის თანამშრომლების განცხადებით, ივლისში თვითმფრინავები, საქართველოში რეისების შესრულების ნაცვლად, ძირითადად უქმად იყო გაჩერებული. მხოლოდ აგვისტოში მოხერხდა ფლოტის სხვა მიმართულებებზე გადამისამართება, მაგრამ ამასთან ერთად ფასდაკლების გაკეთება უწევდათ, აღნიშნა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

როგორც ერთ-ერთი ავიაკომპანიის თანამშრომელი მიიჩნევს, კომპენსაციების თემა შემდგომშიც განიხილება, მოხდება გათვლების კორექტირება, სანამ საქართველოსთან ავიამიმოსვლა კვლავ არ აღდგება. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ხოლო S7-ის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კომპენსაციის ანაზღაურების ვადების შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიაში ასევე არ მიუღიათ.