მერია „ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი" სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მუშაობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სამშენებლო აფერის ასობით მსხვერპლი თბილისში ბინას მიიღებს>>

კალაძის განცხადებით, მომდევნო კვირაში მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და დეველოპერებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვას გეგმავს, რათა მათთან განიხილოს ყველა ის პროექტი, რომელიც დასასრულებელია.

„შევქმენით სპეციალური საინიციატივო ჯგუფი დაზარალებული ადამიანებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, დეველოპერებს, ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, სადაც გვჭირდება თქვენი ჩართულობა და თანადგომა. მომავალ კვირას ვგეგმავთ გავმართოთ დიდი შეხვედრა თქვენთან და წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დამთავრდეს. ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ფართები დაიბრუნონ, რაშიც თანხები აქვთ გადახდილი", – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ბევრი დეველოპერი, სამშენებლო კომპანია გამოეხმაურება.

„ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რათა ეს პროექტები დროულად დასრულდეს", – განაცხადა კახა კალაძემ.

ბინა ერთ ლარად: თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ 23 ოჯახს გადასცა

კალაძე სამშენებლო კომპანია „სვეტის" მიერ დაზარალებულების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

„სამშენებლო კომპანია „სვეტის" მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემა უკვე მოვაგვარეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანია „მ2“-თან. უახლოეს მომავლში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. დაზარალებულ ადამიანებს გადაეცემათ თავიანთი საცხოვრებელი ფართები, რაშიც თანხები ჰქონდათ გადახდილი", – განაცხადა კალაძემ.

„ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები აქციას მართავენ>>

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი" სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.