თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით, გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება გარე განათების ბოძები და გარე განათების ქსელი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამკილომეტრიან გზას, ასფალტის საფარი დაიგება 20 000 კვადრატული მეტრის ფართობზე.
სარეაბილიტაციო პროექტისთვის 2,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯი-არ-ჯი“ აწარმოებს.
როდის გაიზრდება თბილისში ახალი ავტობუსების რაოდენობა >>
კუს ტბა პოპულარული ადგილია თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის. მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. ტბასთან ახლოს მდებარეობს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი.