თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ მოითხოვა. პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ბრალდებას სრულიად აბსურდულს უწოდებს დაცვის მხარე, რომელიც აცხადებს, რომ გიორგი რურუას არანაირი იარაღი არ ჰქონია და ის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა „ჩაუდეს“, რადგან ის აქტიურად იყო ჩართული ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციებში.
გიორგი რურუა სამართალდამცველებმა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 18 ნოემბერს დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.